
უშიშროებამ სახელმწიფო სამსახურების მოწმობების გამყალბებელი დააკავა
(თბილისი, 26 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში საქართველოს მოქალაქე რომან უბირია დააკავეს, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ახორციელებდა სახელმწიფო კანცელარიის ე.წ. “საიდუმლო სამსახურის” და სხვა უწყებების თანამშრომლების პირადობის მოწმობებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას, რომელზეც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერაა გაყალბებული.
უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საბუთების მფლობელებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან ერთად, სარეჟიმო, გასაიდუმლებულ და დაცულ ობიექტებზე შესვლის უფლებაც ეძლეოდათ. ოპერატიული მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა დაკავებული პირის “კაზაკთა კავშირთან” მჭიდრო თავამშრომლობის ფაქტი. აღძრულია სასხლის სამართლის საქმე.