
“ეი-ი-ეს თელასის” ლობისტი ამერიკული კომპანიის საქართველოდან წასვლას არ გამორიცხავს
(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს თელასის” ლობისტი ირაკლი მელაშვილი ადასტურებს ინფორმაციას ამერიკული კომპანიის საქართველოდან შესაძლო წასვლის შესახებ და აცხადებს, რომ ეს გასაკვირი არ იქნება მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
“ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კომპანიას ქართული ბაზარი დაეტოვებინა. ეს იმან განაპირობა, რომ კომპანიამ უარი განაცხადა ჩინოვნიკების მიერ შეთავაზებული თამაში ეთამაშა, კერძოდ, თანხების მათ სასარგებლოდ განკარგვა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურიდიული ფირმა “პირველი ლობის” ხელმძღვანელმა ირაკლი მელაშვილმა.
მისთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, მიმდიანრეობს თუ არა მოლაპარეკებები ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსეთის ერთიან ენერგოქსელებს შორის “თელასის” აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით. “ამის შესახებ ალბათ უფრო კომპანიის სათაო ოფისში იქნება საუბარი და არა თბილისში”, – აცხადებს მელაშვილი.
იმ შემთხვავაში, თუ კომპანია საქართველოში დარჩება, მელაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ მკაცრი პოლიტიკა გაატაროს, კერძოდ კი, ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ.