ახალი ამბები

ბათუმი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ხელმეორედ ცდის

აჭარის ავტონომიური სესპუბლიკის ხელმძღვანელობა ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ცდილობს, თუმცა ამ ინიციატივას უკვე მრავალი ოპონენტი გამოუჩნდა, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ექსპერტთა შორის. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინააღმდეგია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი “სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ” (სეზ-ი) აპრილში ხმაურიანი საპარლამენტო განხილვის თემად იქცევა. კანონპროექტი პარლამენტს ფრაქცია “აღორძინების” ინიციატივით წარედგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია ცდილობს ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონა შექმნას. ინიციატივა “თავისუფალი ეკონომიკური ზონების” შესახებ პარლამეტმა ჯერ კიდევ 1997 წელს განიხილა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო კანონპროექტი ჩავარდა.

“თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის სახელმწიფო სახელმწიფოში, დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ექსპერიმენტები ატაროს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სახელმწიფო საზღვრის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერიმეტრს მთლიანად ვერ აკონტროლებს”, განუცხადა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ “სივილ ჯორჯიას”.

რღოგორც კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა კიდევ უფრო გააუარესებს ცენტრსა და რეგიონ შორის არსებულ დაძაბულ ფინანსურ ურთიერთობებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკას ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადაუხდელობაში გამუდმებით ადანაშაულებს და ამას ლამის საბიუჯეტო გარღვევის მთავარ მიზეზად ასახელებს.

ფინანასთა სამინისტროს ცნობით 2002 წელს ცენტრალურ ბიუჯეტს აჭარიდან 30 მილიონი ლარი უნდა მიეღო, რაც არ მოხდა. ამ ფონზე, როგორც მოსალოდნელია თბილისი ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის კვლავაც კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია მარტის დასაწყისში საქართველოში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც გამოთქვა.

“ჩვენ მხარს არ ვუჭერთ “სპეციალური ეკონომიკური ზონის” შექმნას საქართველოში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ მოაგვარებს პერიოდულ უთანხმოებებს შემოსავლების დანაწილებისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის,” ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში.

სავალუტო ფონდმა საკუთარი პოზიცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თხოვნის შემდეგ დააფიქსირა და მასში ნათქვამია, რომ “სპეციალური ზონების შექმნა ზრდის კორუფციის და არაკანონიერი გზით შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, ამცირებს საგადასახადო ბაზას და ასევე შეუძლია გამოიწვიოს არათანაბარი ეკონომიკური განვითარება საქართველოში.”

ინიციატივის მიმართ საკმაოდ ზომიერ პოზიციას აფიქსირებს ფინანსთა სამინისტრო, სადა აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის განხორციელება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

“ფინანსთა სამინისტროს ცალსახა უარყოფითი პოზიცია არ აქვს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირეულ შეცვლას”, განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჩრდილელმა “სივილ ჯორჯიას”.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში არანაირი საჭიროება არ არის, რადგან საქართველოში ისედაც ლიბერალური ეკონომიკური რეჟიმი მოქმედებს.

“მე მოვიაზრები იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც ეწინააღმდეგება თავისუფალი ეკონიმიკური ზონის იდეას, მაგრამ ნამდვილად არ ვუყურებ ამ კანონპროექტს ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც დამანგრეველს. ეს კანონპროექტი არის არასაჭირო გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საგარეო ეკონომიკური რეჟიმი ისედაც ლიბერალიზებულია”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ეკონომიკურმა ექსპერტმა ლადო პაპავამ. 

წინააღმდეგობის მიუხედავად “აღორძინებას” იმედი აქვს, რომ ახლა კანონპროექტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ “ექვსი წლის წინანდელ ბედს აღარ გაიზიარებს, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით დღეს საქართველოს პარლამენტში განსხვავებული სიტუაციაა,” განუცხადა ფრაქცია “აღორძინების” ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ “სივილ ჯორჯიას”.

115 ლარიანი მინიმალური ხელფასის გარშემო პარლამენტში მიმდინარე დებატებისას კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” “აღორძინების” მხარდაჭერა სეზ-ის გარანტირებული მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღეს. მაშინ “შრომის კანონთა კოდექსში” ცვლილებებისთვის “აღორძინების” ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდა.

“სეზ-თან დაკავშირებით ჩვენ აპრიორი უარყოფით პოზიციას არ დავიკავებთ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი თანამშრომლობისათვის”, აცხადებს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია.

პარლამენტში არსებული ამჟამინდელი ძალთა გადანაწილება სრულიად არაპროგნოზირებადია. დამკვირვებლების თქმით თუ პოლიტიკურ ძალთა შორის წინასაარჩევნო გარიგებების ფაქტებს გავითვალისწინებთ ძნელია იმის პროგნოზი, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს კენჭისყრის დროს ესა თუ ის საპარლამენტო ფრაქცია.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button