skip to content
ახალი ამბები

ერაყში მხოლოდ რამდენიმე ქართველი ოფიცერი გაემგზავრება

(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ერაყში გასაგზავნად 100 ქართველი ჯარისკაცის მზადების თაობაზე. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის ნინო სტურუას ინფორმაციით, ერაყში გასამგზავრებლად ემზადება, რამდენიმე ქართველი ოფიცერი.

“ჯერ მათი რაოდენობა და გამგზავრების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. ისინი ერაყში გაეცნობიან არსებულ ვითარებას, ასევე მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც შეეხება საომარ მოქმედებებში მათ ჩართვას, გამორიცხულია”, – განაცხადა ნინო სტურუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა დოღონაძემ “რუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველი ოფიცრები ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც “სივილ ჯორჯიას” საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცნობეს, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მოხდება ქართველო სამხედროების გაგზავნა ერაყში. ასევე გარკვეული არ არის, თუ როდის გაიგზავნებიან ისინი. თუმცა გარკვეული მოლაპარაკებები ამის თაობაზე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button