skip to content
ახალი ამბები

ინტელიგენცია ოპოზიციის გარშემო ერთიანდება

ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი, რომლის მხარდაჭერითაც ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა, პრეზიდენტს ემიჯნება და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციას უცხადებს მხარდაჭერას.

“ქართული საზოგადოების გონიერი და ზნეობრივი წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ნდობადაკარგული ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული “ახალი საქართველოს” მოდელი – მასში არაფერია არც “ახალი” და არც “ქართული”. ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ერთიან ოპოზიციას, მას მივიჩნევთ ჭეშმარიტ ქართული ღირებულებებისა და ინტერესების გამომხატველად და დამცველად” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ხელი ინტელიგენციის წარმომადგენლების ფართო სპექტრმა მოაწერა.

“მე არ მინდა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არა აქვს არჩევანის  საშუალება და არ შემეძლოს ჩემი, მოქალაქის უფლებების გამოხატვა. ეს არ ნიშნავს პოლიტიკაში ჩარევას, მე არ ვაპირებ არანაირი კუთხით პოლიტიკაში ჩაბმას, ეს უბრალოდ მოქალაქის უფლებებია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პოეტმა რატი ამაღლობელმა.

“მოხარული ვარ ასე გაერთიანებულს რომ ვხედავ ოპოზიციას, რომელიც ერთი იდეისთვის იბრძვის, ამის გამო ვუჭერ მხარს მათ” – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ასეთი სულისკვეთება 7 მაისს კომპოზიტორ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში შეკრებილ საზოგადეობაში სუფევდა, რომელსაც ზურაბ ჟვანია, დავით გამყრელიძე, მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ეს შეკრება იმით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამის ინიციატორები თავად აქ წარმოდგენილი საზოგადოებაა, რომელიც სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩვენს მიმართ. ისინი პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და მათ სურთ ნორმალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ჩვენთვის მთავარი მიზანია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

“დღეს მე ‘აფსაიდში’, სცენის კიბებზე აღმოვჩნდი, ვინაიდან საჩემო ადგილი დარბაზში აღარ აღმოჩნდა. საზოგადოების ასეთი გააქტიურება მახარებს და მზად ვარ ასეთ ‘აფსაიდში’ აღმოვჩნდე მთავარი მიზნის მისაღწევად” – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც არასაკმარისი ადგილების გამო დარბაზიდან სცენაზე გადაინაცვლა და საკუთარი ადგილი საზოგადოების წარმომადგენლებს დაუთმო.

მწერალი ვახუშტი კოტეტიშვილი, რეჟისორი რევაზ ესაძე, პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ახალგაზრდა მწერლები დავით ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რეჟისორი ელდარ შენგელაია, დავით საყვარელიძე, ლევან წულაძე, აკდემიკოს-პროფესორების, ხელოვანების ფართო სპექტრი ეს ის არასრულყოფილი სიაა, რომელებიც ხელისუფელბას ემიჯნება და თავის მხარდაჭერას ოპოზიციურ ძალების მიმართ გამოხატავს.

ამ პროტესტს ისინი პრეზიდენტის სახელზე შედგენილ პეტიციაზე ხელისმოწერით აფიქსირებენ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს პრეზიდენტს აკისრებენ.

“თქვენგან, როგორც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისგან, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში მიღებული იყოს საზოგადოებისათვის ცნობილი წინადადებები, რომელთა შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ღია, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთსულოვნად ჩავთვლით, რომ ხალხის ნების იგნორირება თქვენს მიერ საბოლოოდ არის აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და ნებისმიერი კანონიერი საშუალებით, მათ შორის საპროტესტო აქციებით დავიცვავთ თავისუფალი არჩევნების უფლებას. ყველა შესაძლო შედეგზე პასუხილმგებლობა დაგეკისრებათ პირადად თქვენ” – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც მუსკალურ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს წევრმა გია მურღულიამ გააცნო.

შეკრებაზე ასევე ბევრი მსურველი აღმოჩნდა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ წამოწყებას. “მიხარია, რომ დღეს ასეთი ცივილიზებული ფორმით მოხერხდა საუბარი, ვფიქრობ ამდენი ხალხის მიმართვა გამოხმაურების გარეშე არ დარჩება” – განაცხადა მხატვარმა გია გუგუშვულმა.

შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერები სიტყვით არ გამოსულან, ისინი მხოლოდ საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ისმენდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი აცხადებდნენ, რომ საზოგადოებას იმედებს არ გაუცრუებენ და ერთობლივად იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად.

“მზად ვარ ყოველთვის ვიდგე ბარიკადის მეორე მხარეს და გამოვხატო ხალხის ინტერესი. დავივიწყო ყველა წყენა, რაც აქამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიდან მოდიოდა. ამისათვის ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და გავერთიანდით, ეს არ ნიშნავს, რომ ერთიან ბლოკში ვიქნებით არჩევნების დროს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მიღება და არჩევნების ჩატარება” – განაცხადა დავით გამყრელიძემ.

“ქვეყანაში არეულობა მხოლოდ 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი, თუ ვერ მოხერხდა ხელისუფლებასთან კონსესუსის მიღწევა, თუმცა ერთი ასეთი მცდელობა იყო, როდესაც თბილისის საკრებულოში მოხდა შეკრება სახელმწიფო მინისტრთან, მაგრამ ვიღაც დირიჟორის ჯოხის აქნევით ყველაფერი ჩაიშალა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხელი სააკაშვილმა.

პრეზიდენტი შევარდნაძე ინტელიგენციის მხრიდან ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერას ორშაბათის რადიოინტერვიუში გაკვრით შეეხო და განაცხადა, რომ მიესალმება “ნებისმიერი სახის შეკრებას, თუ ის ქვეყნის ინტერესებისათვის და საუკეთესო მომავლის შექმნისკენ არის მიმართული და არა პათოლოგიური სიძულვილის გამოხატვისთვის.”

“მე ინტელიგენციის წარმომადგენლებს ყველას პატივს ვცემ მიუხედავად იმისა ემიჯნება თუ არა იგი ხელისუფლებას” – განაცხადა 9 ივნისს ედუარდ შევარდნაძემ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ოპონენტებს.

ოპოზიცია ჯერ არ ახმაურებს თუ რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯი. “ამის შესახებ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, თუმცა ჯერ არა და ასე გაჩერებასაც არ ვაპირებთ” – აცხადებს ზურაბ ჟვანიამ.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button