
აფხაზური მხარე არ დაუშვებს, რომ თბილისიდან გუდაუთის ბაზის მონიტორინგი ჩაატარონ
(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზური მხარე წინააღმდეგია ქართველი სამხედრო ექსპერტები აფხაზეთში ჩასვლისა და მათ მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის შემოწმებისა.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, ნება დართოს ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს მონიტორინგი ჩაატარონ გუდაუთის ბაზაზე.
საქართველო რუსეთისგან გუდაუთის სამხედრო ბაზის გაუქმებას მოითხოვს. შეთანხმება ამის თაობაზე 1999 წლის ეუთო-ს სტამბულის სამიტზე იქნა მიღწეული. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მან უკვე გაიყვანა მძიმე ტექნიკა და ამჟამად ბაზაზე რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან.
“რუსეთის ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული და ქართველ ექსპერტებს არ შეუძლიან მონიტორინგი აწარმოონ აფხაზეთის ხელისუფლების სანქციის გარეშე”, – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ მინისტრმა სოხუმში 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.