ახალი ამბები

სსფ-ის მისიამ მთავრობა რთული არჩევნის წინაშე დააყენა

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ვიზიტის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა. მოახლოებული არჩევნების წინ, ხელისუფლებას ან არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რათა ფონდის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, ან ფონდის მხარდაჭერის გარეშე დარჩენა ემუქრება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც საქართველოში 24 ივნისიდან 7 ივლისამდე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, მთავრობას კიდევ ერთი შანსი მისცა ფისკალურ სფეროში სიტუაციის გამოსასწორებლად. 15 აგვისტომდე ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ვალდებულებათა შესრულება, რაც მისიამ საქართველოდან გამგზავრებამდე მთავრობის წევრებს მოთხოვა.

სავალუტო ფონდის ძირითადი რეკომენდაციები ბიუჯეტის 135 მილიონი ლარით კორექტირებას, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხება. ყველაფერ ამასთან ერთად, აგვისტოს ბოლოს ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის წევრებს სავალუტო ფონდის სათაო ოფისისთვის ივლისის თვის ბიუჯეტის შესრულებული პარამეტრების წარდგენა მოუწევთ.

ამ ვალდებულებათა შორის საბიუჯეტო ხარჯების 95,5 მილიონი ლარით შემცირება მთავრობისთვის განსაკუთრებით რთული განსახორციელებელი იქნება, რადგან სავალუტო ფონდის მისიის მოთხოვნით, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს. თუმცა კანონმდებლობით, მთავრობას უფლება აქვს ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლები თანხები თავად შეამციროს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი ხარჯების შემცირებას, ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალია.

ხარჯების შემცირებას საპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საბიუჯეტო კრიზისზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

“ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ბიუჯეტის სეკვესტრს და მოვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას და მის გადადგომას”, – განაცხადა 9 ივლისს  გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით კოღუაშვილმა.

“ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ავთანდილ ჯორბენაძემ აიღო, შესაბამისად, ჩვენ მისი თანამდებობიდან გადაყენებას ვითხოვთ”, – აცხადებს “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

ამის გარდა, “გაერთიანებული დემოკრატები” მთავრობის წინააღმდეგ საბიუჯეტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. კერძოდ, 1 ივლისიდან უნდა მომხდარიყო მინიმალური ხელფასის 35 ლარამდე გაზრდა, რაც არსებული საბიუჯეტო გარღვევის პირობებში სრულიად არაპერსპექტიულია.

“მთავრობის წინააღმდეგ ვამზადებთ სარჩელს სასამართლოში შესატანად ბიუჯეტის კანონის იმ მუხლის დარღვევის გამო, რომელიც ხელფასების 35 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

მთავრობისადმი ოპოზიციის უკმაყოფილებას მყარი ეკონომიკური საფუძვლები აქვს. 2003 წლის ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 87 მილიონი ლარით გაირღვა. გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის გათვლებით, მთავრობამ ყოველთვიურად 120 მილიონის მობილიზება უნდა შეძლოს, რათა კიდევ ერთი სეკვესტრი წლის ბოლოს თავიდან აიცილოს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შეუძლებელი იქნება და წლის ბოლოს საბიუჯეტო ხარჯების მორიგი შემცირება განხორციელდება. 

“დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე შეკვეცილი ბიუჯეტის კიდევ ერთხელ სეკვესტრირება მოუწევთ. სეკვესტრის სეკვესტრი ოპტიმისტური პროგნოზით 35 მილიონი ლარით, ხოლო პესიმისტური პროგნოზით 50 მილიონი ლარით განხორციელდება”, – აცხადებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არამარტო ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ამ პროცესისადმი პროტესტს თავად მთავრობის ზოგიერთი წევრიც გამოთქვამს, რადგან ხარჯების შემცირებას მოჰყვება ისედაც მცირე დაფინანსების მქონე სამინისტროებისთვის და დეპარტამენტებისთვის ფინანსების შემცირება.

ხარჯების შემცირების შემთხვევაში პარლამენტს 1,5 მილიონი დააკლდება, პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდს – 5 მილიონი, კულტურულ პროგრამებს – 1,5 მილიონი, საელჩოებს – 1,8 მილიონი, სოფლის მეურნეობის პროგრამებს – 4,4 მილიონი.

ყველაზე მეტი თანხა – 20 მილიონი ლარი, ძალოვან სამინისტროებზე მოდის, რაც ამ უწყებების ბუნებრივ პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ 6 თვის მონაცემებით, თავდაცვის სისტემას უკვე დააკლდა 12 მილიონი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 11,5 მილიონი ლარი.

ცალკე განხილვის საგანია 8 მილიონით შესამცირებელი ტრანსფერები ადგილობრივ ბიუჯეტებში. ეს ის თანხებია, რომელთა გამოც პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2003 წლის ბიუჯეტს ხმა მისცეს.

“რომელი რაიონის მაჟორიტარიც ხმას მისცემს სეკვესტრს, ის წააგებს არჩევნებს”, – აცხადებს “გაერთიანებული დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი. იგი ერთადერთია ოპოზიციურ ფრაქციებს შორის ვინც სახელმწიფო მინისტრის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით, საბიუჯეტო სახსრების კორექტირება მხოლოდ ხარჯვითი ნაწილის შემცირებას არ გულისხმობს. მთავრობისთვის არანაკლებ რთულად განსახორციელებელი იქნება საშემოსავლო ნაწილის გაზრდა. ღონისძიებები, რომლითაც მთავრობა საბიუჯეტო გარღვევის დაფარვას გეგმავს, შემოსავლების 38 მილიონით გაზრდას უკავშირდება.

მობილურ ტელეფონებზე ახალი გადასახადის შემოღება, სამშენებლო კოოპერატივების დაბეგვრა, აზარტულ თამაშებზე, ბაზრობებზე და გარევაჭრობაზე გადასახადების გაზრდა, საბიუჯეტო ორგანიზაციების სპეცსახსრების ბიუჯეტში მობილიზება – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც მთავრობის გათვლებით, ბიუჯეტის შემოსავლებს 38 მილიონით გაზრდის. თუმცა, საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილების მიღება და შემდეგ მისი ცხოვრებაში გატარება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს რეალობას მოკლებულად მიაჩნია.

“ნავთობპროდუქტებიდან მისაღები თანხების კომპენსირება ამ გადასახადების გაზრდით იგეგმება, ეს არარეალისტური მიდგომაა, როგორც ჩანს, ასეთი რეკომენდაციები სავალუტო ფონდმა მთავრობის თხოვნით გასცა”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

15 აგვისტომდე მთავრობას მძიმე გზა აქვს გასავლელი. არ არის გამორიცხული ამ მტკივნეულ პროცესს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button