ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკი მხარს უჭერს ჯეიმს ბეიკერის წინადადებებს

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკი მხარს უჭერს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციების მიხედვით არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას. ამის შესახებ განცხადება სახელისუფლებო ბლოკში შემავალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა.

“ჩვენ მომხრე ვართ, ამ პროექტის მიხედვით ჩატარდეს არჩევნები და დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია, ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვითაც კომისიაში რიცხობრივი უპირატესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.

მისთვის გაუგებარია მხოლოდ ერთი საკითხი, თუ რა მექანიზმით მოხდება ეუთო-ს მხრიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა და დანიშვნა.

“უხერხულად მიმაჩნია უბრალოდ ასეთი მიდგომა, რაც პოლიტიკურ სპექტრში უნდობლობის დამადასტურებელია, თუ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას ვთხოვთ, მაშინ ამ დახმარებას მივიღებთ”, – განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.

ჯეიმს ბეიკერი თბილისში 5 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი რეზოლუციის მიხედვით, საარჩევნო კომისიაში 9 წევრი ოპოზიციას, 5 კი ხელისუფლებას ეყოლება, თავმჯდომარეს კი ეუთო დაამტკიცებს.  

Back to top button