
ახალი ამბები
შევარდნაძის თქმით, დევნილების დაბრუნება დროს საჭიროებს
(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმება ეტაპობრივად ხორციელდება. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა. “ბევრი რამ გაკეთდა რეკლამის და ხმაურის გარეშე ამ მხრივ. ამჟამად სპეციალური კომისიები შეისწავლიან გალის რაიონში დასაბრუნებელი დევნილების საკითხს. ეს რთული პროცესია და დროს საჭიროებს. დევნიელების დაბრუნება რუსეთის სამშვიდობო ძალების დაცვის ქვეშ უნდა მოხდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ დაიწყება რკინიგზის აღდგენაზე უშუალო მუშაობა. პრეზიდენტის ინფორმაციით, დონორი ქვეყნები მზად არიან დევნილების დაბრუნების შემდეგ დახმარება გაუწიონ ამ რეგიონს.