ახალი ამბები

ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ინიციატივებს ეჭვით უყურებენ

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილებმა 20 ივნისს საერთაშორისო და ადგილობრივ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ლტოლვილთა დღე აღნიშნეს. მიუხედავად დღესასწაულისა, ლტოლვილები კვლავაც ღელავენ მრავალრიცხოვანი გაუთავებელი პრობლემის გამო. ამჯერად პანკისის ხეობაში მთავარ სალაპარაკო თემას ჩეჩნეთში ლტოლვილთა შესაძლო დაბრუნება, რუსეთის პრეზიდენტის საქართველოსადმი კიდევ ერთი გაფრთხილება და ხეობაში მიმდინარე ლტოლვილების აღწერა წარმოადგენს.

გაეროს ლტოლვილტა უმაღლესმა კომისარიატმა ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად ხეობაში მრავალი გასართობი ღონისძიება მოაწყო. უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს ხეობაში თან ახლდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც.

იმავე დღეს კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო კიდევ ერთ გააფრთხილა “გაწმინდოს პანკისის ხეობის ტერორისტებისგან.”

კითხვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს რუსეთთან დაძაბულობის შესამცირებლად, პუტინმა უპასუხა, რომ “საქართველომ უნდა იღონოს ყველაფერი, რომ მისი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ეს არის ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ, რომ ბოლო მოეღოს დესტრუქციული ელემენტებისა და ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან საქართველოს რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში, როგორიცაა პანკისის ხეობა და მიმდებარე ტერიტორიები.”

პუტინის ეს უკანასკნელი გაფრთხილება არ იყო ისეთივე მკაცრი, როგორც გასული წლის სექტემბერში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი [საქართველოში] ჩეჩენი მებრძოლებს “პრევენტიული დარტყმებით” დაემუქრა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელმა გაფრთხილებამ ახალი დატვირთვა მისცა სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას საკმაოდ მოულოდნელ განცხადებას, რომელმაც 19 ივნისს აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთი ხელს შეუწყობს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების შემოჭრას.

გასული წლის აგვისტოდან, როდესაც ქართველმა სამართალდამცველებმა ხეობაში სავარაუდოდ მყოფ 800-მდე ჩეჩენი და არაბი მეომრის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, ქართველი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ პანკისში ამჟამად მხოლოდ რამოდენიმე კრიმინალიღაა დარჩენილი და რომ მეომართა ჯგუფების უდიდესი ნაწილი ჩეჩენთში დაბრუნდა. საქართველოს შინაგანი ჯარის შენაერთები დღესაც განთავსებულნი არიან პანკისში და ხეობის პატრულირებას ახორციელებენ.

კრემლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი სახის დახმარება საქართველოს კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ ქმედებებში.

“ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ, ოღონდ უნდა გვითხრათ რითი შეგვიძლია დახმარება. ჩვენ არ გვინდა თავს მოვახვიოთ საქართველოს გადაწყვეტილებები. ჩვენ მზად ვართ დახმარებისათვის, იმ სახით, რა სახითაც ეს ყველაზე მისაღები იქნება. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ ფინანსური და ადმინისტრაციული დახმარება, ინფორმაციული მხარდაჭერა, ერთად ვიმუშაოთ საზღვარზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაზვერვის მთავარი სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა) და უშიშროების ფედერალური სამსახური შენაერთები ერთობლივ ოპერაციებში. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი ეს, მაგრამ არაფერს არ გაძალებთ” – განაცხადა პუტინმა.

ლტოლვილებს საქართველოს მხრიდან დაცვის იმედი აქვთ

პანკისის ადგილობრივი ხელისუფლება და იქ მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები კვლავ სკეპტიკურად ეკიდებიან რუსეთის მცდელობას სამშობლოში დააბრუნოს ჩეჩენი ლტოლვილები.

10 ივნისს პანკისის ხეობაში ვიზიტისას, სოფელ დუისთან რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი შეეცადა დაერწმუნებინა ჩეჩენი ლტოლვილები დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. “მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაბრუნების პროცესი მშვიდობიანად განხორციელდება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ თქვენი დაბრუნების მექანიზმი” – უთხრა ბრაჟნიკოვმა ლტოლვილებს.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, რეპატრიაციის პროცესით რუსეთს სურს აჩვენოს, რომ მიუხედავად ტერორისტული აქტებისა ის მთლიანად აკონტროლებს ჩეჩენთს.

ჩეჩენი ლტოლვილები კვლავ აცხადებენ, რომ ბრალდებები პანკისში მებრძოლთა ყოფნის თაობაზე სხვა არაფერია თუ არა საქართველოზე ზეწოლის მცდელობა.

“შარშანდლის მერე არც-ერთი ბოევიკი არ გვინახავ [ხეობაში]. ასეთი ბრალდებებით რუსეთს სურს თავს მოახვიოს საქართველოს ერთობლივი ოპერაციები პანკისის ხეობაში. რუსეთს აქაც კი უნდათ ჩეჩნების დევნა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გროზნოდან ლტოლვილმა ახმედმა, რომელიც ამჟამად სოფელ დუისში ცხოვრობს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა კეტრინ ბერტრანმა “სივილ ჯორჯიას” განუმარტა, რომ გაერო ჩეჩნების რეპატრიაციას მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. “თუ ჩეჩენ ლტოლვილებს დაბრუნების სურვილი ექნებათ, უმაღლესი კომისარიატი მათ სურვილს წინ არ აღუდგება. ამდენად ეს თავად ლტოლვილების გადასაწყვეტი საკითხია. რეპატრიაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით” – აღნიშნა მან.

ამჟამად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით ახორციელებს ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაციას. როგორც ამ ინსტანციაში აღნიშნავენ, ლტოლვილის სტატუსი ჩეჩნებს უფრო მეტ სიმშვიდეს აძლევს, ვიდრე ჩეჩნეთში დაბრუნების პერსპექტივა. “ჩვენ გვინდა დაბრუნება [სამშობლოში], მაგრამ არ ვაპირებთ რუსი ჯარისკაცების შიშის ქვეშ. აქ უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს” – განუცხადა “სივილ ჯორჯია” ჩეჩენმა ლტოლვილმა ანჟელა ცურაევამ.

1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გამოქცეული ლტოლვილების რაოდენობამ საქართველოში 7800-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2002 წელს საქართველოში მხოლოდ 4200 ჩეჩენი ლტოლვილი იყო, რომელთა უდიდესი ნაწილი პანკისი ხეობაში ცხოვრობდა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ წელს ეს რიცხვი გაიზრდება.

გასულ წელს ბევრმა ლტოლვილმა თავი აარიდა რეგისტრაციას, რადგან ეშინოდათ, რომ რეგისტრაციის პროცესი მათი ჩეჩნეთში დაბრუნების პირველი ეტაპი იყო. თუმცა წელს სიტუაცია შეიცვალა. როგორც საქართველოში ჩეჩნების დიასპორას წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, ამჯერად ლტოლვილები მონდომებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია, რათა მიიღონ შესაბამისი სტატუსი.

“რეგისტრაცია გეგმის მიხედვით ხორციელდება და არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. რეგისტრაცია არანაირად არ არის დაკავშირებული ჩეჩნების შესაძლო რეპატრიაციასთან” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა ზურაბ მშვიდობაძემ.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ ნდობა საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ორი ჩეჩენი პატიმრის ექსტრადირება რუსეთში, რადგან ისინი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდნენ.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იუწყება, პირველი ხუთი დღის განმავლობაში რეგისტრაცია 2300-მა ლტოლვილმა გაიარა. რეგისტრაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button