
პრეზიდენტი ამბოხის შეფასებისგან თავს იკავებს
(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი წუხელ ვეტერანი სამხედროების მიერ მოწყობილ აქციისა და მათ მიერ ისნის რაიონში განლაგებული ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილის ბლოკირების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და აცხადებს, რომ კომენტარს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
“წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მან დადებითად შეაფასა სამართალდამცავი ორგანოების და მათი ხელმძღვანელების მიერ ჩატარებული სამუშაოები, რის შედეგადაც მეამბოხენი დააკავეს.
24 მარტს საღამოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მოსამსახურეთა დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფი ისნის რაიონში განლაგებულ ეროვნულ გვარდიის ნაწილის ტერიტორიაზე შევიდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და განაიარაღა დაცვა. ყოფილმა გვარდიელებმა ხელში ჩაიგდეს იარაღი და მძიმე ტექნიკა, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეროვნული გვარდიის ყოფილ მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
შს და სახელმწიფო უშიშროების მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ამბოხებულმა ვეტერანმა გვარდიელებმა იარაღი დაყარეს და სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ყოფილი გვარდიელების ამბოხი