ახალი ამბები

თურქეთის დახმარებით კომანდოს ბატალიონი იქმნება

“წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამის ფარგლებში მომზადებული კომადოს ოთხი ბატალიონის გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს რომ რამოდენიმე წელიწადში ეყოლება კიდევ ერთი ამ სახის ბატალიონი, რომლის მომზადებასა და ჩამოყალიბებაში საქართველოს თურქეთი ეხმარება.

17 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ საზეიმო ცერემონიალზე სერტიფიკატები გადასცა იმ 51 კურსდამთავრებულ ოფიცერს და ზემდეგს, რომლებმაც “კომანდოს” სასწავლო-სამწვრთვნელო კურსები გაიარეს. აღნიშნული პროგრამა თურქეთის დახმარებით 1999 წლიდან ხორციელდება და დღემდე იგი 121 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის თქმით, საქართველო ქმნის ახალ 600-კაციან სპეცდანიშნულების ბრიგადას, რომელშიც სწორედ ამ თურქული პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაირიცხებიან. “ეს იქნება ბრიგადა, რომელსაც ხმელეთზეც და ჰაერშიც შეეძლება მცირე ბრძოლებში ჩართვა და მტრისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. საქართველო ამ ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად მიზანმიმართულად მუშაობს” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მინისტრიოს მოადგილემ.

ჯერჯერობით, ახალ ბრიგადაში ჩასარიცხად მზად მხოლოდ ის 121 სამხედროა, რომლებმაც 1999 წლიდან დღემდეგ გაიარეს ნატოს სტანდარტების თურქული სამხედრო პროგრამა.

კოჯრის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ძიგუამ, რომელიც თურქული პროგრამის ერთ-ერთი პირველი მონაწილეა, “სივილ ჯორჯიას” განუცხადა რომ ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადების ნახევარიც რომ გაიარონ, “საქართველოს კარგად გაწვრთვნილი და ბრძოლისუნარიანი ჯარი ეყოლება”.

სასწავლო-სამწვრთვნელო პროგრამა თურქი სამხედრო ინსტრუქტორების მონაწილეობით თბილისთან ახლოს, კოჯრის სამხედრო ბაზაზე 2002 წლის 30 ივლისს დაიწყო და 5 თვე მიმდინარეობდა. 

51 ოფიცერი და ზემდეგი 120 კანდიდატისგან შეირჩა. ინსტრუქტორებმა უმრავლესობა არასათანადო ფიზიკური მონაცემების გამო დაიწუნეს.

“სასწავლო-სამწვრთვნელო პროგრამისთვის მართლაც საუკეთესო მონაცემების მქონე ოფიცრები შეირჩნენ. მათ შეძლეს რთული სამწვრთვნელო პროგრამის გავლა და ფიზიკური კონდიციებისა და ტაქტიკური ცოდნის ამაღლება” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს გენშტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა.

ოფიცრები სამწვრთვნელო პროგრამა ძირითადათ კოჯორში ჩაუტარდათ. სამი კვირა კი საპარაშუტო მომზადება მათ თურქეთში, კაისერის სამხედრო ბაზაზე გაიარეს, სადაც თითოეულმა მათგანმა სულ მცირე, 5 საბრძოლო ნახტომი განახორციელა.

თურქეთი საქართველოს ჯარის ჩამოყალიბებაში სულ უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებს. სამწვრთვნელო პროგრამებთან ერთად ქართულ სამხედრო სისტემას ის მატერიალურ დახმარებასაც უწევს.

“ჩვენ მეზობელები ვართ. თურქეთი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით არის დაინტერესებული. ამის საწინდარი კი ძლიერი არმიაა. ამასთანავე, თურქეთი საქართველოს მეგობარიც არის და მას სურს, მეგობარ საქართველოს პრობლემები შეუმსუბუქდეს” _ ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში საქართველოში თურქეთის სამხედრო ატაშე ადნან გულერი

გოგა ჩანადირი

Back to top button