
რეგიონალური პოლიტიკური თამაშები ეუთოს როლს საფრთხეს უქმნის
გარკვეული შესვენების შემდეგ, რომელსაც კიშინოვში გამართული შევარდნაძე-პუტინის შეხვედრას მოჰყვა, რუსულ პრესაში კვლავ გაჩნდა ცნობები, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთ-საქართველოს ინგუშეთის მონაკვეთზე გადასვლას აპირებენ. რუსული მედიის მიერ საქართველოდან ჩეჩენი მებრძოლების რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრის შესახებ საუბარი და საქართველოს ხელისუფლების თავის მართლება კი უკვე ტრადიციად იქცა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის გასანეიტრალებლად საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა ეუთო-ს, რათა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დამკვირვებლები გამოეგზავნა. ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიამ მუშაობა 1999 წლის დეკემბერში დაიწყო. მოგვიანებით, რუსეთის გახშირებული ბრალდებების გამო თბილისმა ეუთო-ს მისიის ინგუშეთის 58 კილომეტრიან მონაკვეთზე გადაგრძელება ითხოვა 2001 წელს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები შეიარაღებულები არ არიან და მათ უსაფრთხოებაზე გარანტია საქართველოს აქვს მიცემული. კრემლისათვის საქართველოში საკუთარი მოკლე და გრძელვადიანი მიზნების განხორციელებისას ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებად ეუთო გადაიქცა. ექსპერტების აზრით, დღეს რუსეთის ერთ-ერთ მიზანს ეუთო-ს დამკვირვებელთათვის საქართველოში უსაფრთხოების პირობების მკვეთრი გაუარესება და სამხედრო ბაზების გატანის დროში მაქსიმალურად გაწელვა წარმოადგენს. რუსეთს განსაკუთრებული უხერხულობას ეუთო-ს მისიის დამკვირვებლების რეგულარული მოხსენებები უქმნის, რომლებიც საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის თითოეულ შემთხვევას აღრიცხავენ. ეუთო_მ არერთხელ უარყო რუსეთის მიერ საქართველოსათვის წაყენებული ბრალდებები, თითქოს, პანკისის ხეობაში ტერორისტების საწვრთნელი ბაზები და ჩეჩენი მებრძოლების გამოსაზამთრებელი ცენტრი იყო გახსნილი. რაც ყველაზე მთავარია, ეუთო-ს დამკვირვებლებმა ერთხელ დააფიქსირეს და ოფიციალურად დაადასტურეს ჩრდილოეთიდან უცნობი საფრენი აპარატების, როგორც მათ საქართველოს ხელისუფლება უწოდებს, უკანონო შემოფრენა. ქართველებს არ აქვთ სათანადო ტექნიკა, რათა უცხო ქვეყნის თვითმფრინავების მფლობელი სახელმწიფო ამოიცნოს. ამდენად, მოსკოვისათვის დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციის დამკვირვებლების საქართველო-რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, აშკარად, ზედმეტია. როგორც “სივილ ჯორჯიასთვის” დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი ეუთოზე რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა საზღვარზე დამკვირვებელთა მისია შეემცირებინა. თუმცა, საქართველოში საქართველოში ეუთო-ს მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფოლკერ იაკობიმ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საზღვრის მონიტორინგის მისია გაფართოვდება”. რამდენიმე თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ დამკვირვებელთა მისია დაღესტნის მონაკვეთზეც გაევრცელებინათ. ფოლკერ იაკობიმ დაგვიდასტურა, რომ “19 დეკემბერს ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დამკვირვებელთა მისია 75-იდან 144 კაცამდე გაიზრდება”. ეს გადაწყვეტილება ეუთომ ერთხმად მიიღო და რუსეთმაც ხმა მისცა. საქართველოში რუსეთის საელჩომ ეუთო-ს მოღვაწეობისა და დამკვირვებელთა მისიის დაღესტნის მონაკვეთზე გავრცელების თაობაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. საზღვრის დამკვირვებლებთან ერთად კრემლი განსაკუთრებულად მტკივნეულად 1999 წელს ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღიქვამს, რომლის თანამხად რუსეთმა საკუთარი ბაზები საქართველოდან მთლიანად უნდა გაიყვანოს. რუსეთის გენერალიტეტის აზრით, მოსკოვი კავკასიაზე კონტროლს სამუდამოდ დაკარგავს. რუსეთმა ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზები უკვე გაიყვანა. თუმცა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი გუდაუთის ბაზის ინსპექტირებას ეუთო-ს წარმომადგენლები დღემდე ვერ ახერხებენ. ახლა, მოლაპარაკებები ახალქალაქსა და ბათუმში არსებული ბაზების გაყვანაზე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებასა და ეუთო-ს რუსებმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადეს. საქართველოდან ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე ქართველ და რუს ექსპერტების შეხვედრა გაიმართა 12 დეკემბერს. შეთანხმება ისევ ვერ შედგა: რუსები კვლავ დაჟინებით მოითხოვდნენ 11 წელს ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გასაყვანად, ხოლო ქართველები მხოლოდ სამ წელზე იყვნენ თანახმა. ამის მიუხედავად, შეთანხმება მოხერხდა თბილისის მახლობლად განლაგებული მეკავშირეთა მცირე სამხედრო შენაერთის საქართველოდან გაყვანაზე. რუსებმა შესაშური გულმოდგინება გამოიჩინეს და მეკავშირეთა შენაერთის მეზობელ სომხეთში გაყვანა 16 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის ვიზიტს დაამთხვიეს. რუსული სამხედრო შენაერთის სომხეთში გადაყვანამ აზერბაიჯანის ხელისუფლების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო განხცადება საფარ აბიევმა თბილისშივე გააკეთა: “რუსული შენაერთების სომხეთში გადაყვანა მაშინ ხდება, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ არის დარეგულირებული”. “ამვგარი მოქმედებით რუსეთი სომხეთს.. დაძაბულობის წყაროდ აქცევს, რომელიც სომხეთის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ შეიძლება იქნეს მიმართული”, – აღშფოთებას ვერ მალავდა მინისტრი. აზერბაიჯანელთა აღშფოთება გასაგებია, რადგან რუსები საქართველოდან გატანილ ტექნიკას, როგორც წესი, სომხეთში ეზიდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა სხვა მხრივაც იყო საყურადღებო. ერთი შეხედვით მცირე 193 კაციანი სამხედრო მეკავშირეთა შენაერთის სომხეთში გადაყვანა სამხედრო ბალანსს მკვეთრად არ შეცვლის. თუმცა, ქართველი სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის თქმით, სწორედ ეს დანაყოფი უზრუნველყოფდა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების კომუნიკაციას, მათ შორის, თანამგზავრების მეშვეობით. “ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუ შტაბის მთავარი საკომუნაკაციო დანაყოფი მეორე ქვეყანაში გადადის, ეს იმის ნიშანია, რომ თავად შტაბიც მალე იქ გადავა”, – ამბობს ალადაშვილი. ამ შემთხვევაში კი რუსული იარაღით ისედაც კარგად აღჭურვილ სომხეთში სამხრეთ კავკასიაში არსებული მთელი რუსული სამხედრო ძალის კონცენტრირება მოხდება, რაც ბაქოს, რასაკვირველია, ძალიან აშფოთებს. ქართული მხარე კი ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიიდან ნებისმიერი შენაერთის გაყვანა თბილისში სიხარულს იწვევს, მეორე მხრივ, ამ პროცესის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ წარმართვა, თანაც, მისი თავდაცვის სამინისტროს თვალწინ, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს. რუსეთის ხელისუფლებამ კი ეს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებად მონათლა. თუმცა, აშკარაა, რომ სომხეთში შენაერთის გადანაცვლება ვენისთვისაც მოულოდნელობა იყო. “სივილ ჯორჯიას” შეკითხვაზე, იყო, თუ არა სომხეთში ამ შენაერთის გადაყვანა ეუთო-სთან შეთანხმებული, ფოლკერ იაკობიმ ორჭოფულად უპასუხა, რომ “დიახ, [შენაერთის გადაყვანა] ახლა განიხილება ვენაში”. მისი თქმით, “ეს 1999 წელს სტამბოლში დაწყებული პროცესის ნაწილია, მაგრამ მოლაპარაკებები ამჟამად იმის თაობაზე მიმდინარეობს, თან წაიღებენ რუსები სამხედრო ტექნიკას სომხეთში, თუ – არა”. თავად ეუთო ძალზე დელიკატურ ვითარებაში იმყოფება. მართალია, მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს კონფლიქტების მოგვარება და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს, მაგრამ ვენას არც ის სურს, რომ მიკერძოებაში მუდმივად დასდონ ბრალი. საქართველოს ხელისუფლების ხშირად არათანამიმდევრული პოლიტიკა, რაც თავდაპირველად პანკისის ხეობაში ჩეჩნების ყოფნის უარყოფასა და მერე მათ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაშიც გამოვლინდა, იმგვარ გარემოს ქმნის, რომ, შესაძლოა, ეუთო-ს მისიის მუშაობისათვის, მართლაც, არახელსაყრელი პირობები შეიქმნას და მათ დამკვირვებელთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირონ. რევაზ ბახტაძესაქართველოსათვის ეუთო რუსეთის ზეწოლის განეიტრალებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა. მოსკოვის ბოლოდროინდელი ნაბიჯები კი სწორედ ამ მექანიზმის მოსაშლელად არის მიმართული.
მედიაში ამგვარი ცნობის გაჩენას, როგორც წესი, თან სდევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ან უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსის განცხადება, რომ ტერორისტებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზეც გაუსწორდებიან. შექმნილ ვითარებაში თავის დაცვისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავის მართლების ერთ-ერთ ყველაზე საფუძვლიან არგუმენტს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის განცხადებები წარმოადგენს, რომელიც ორი სახელმწიფოს საზღვრის მონიტორინგს ახორციელებს.
შენაერთის სომხეთში რუსეთის გიუმრის ბაზაზე გადაყვანას ამერიკის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. აზერბაჯანში აშშ-ის ელჩმა როს უილსონმა განაცხადა, რომ “ბაზების რუსეთში გაყვანა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა”.