ახალი ამბები

“შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველოში”

ინტერვიუ ამერიკელ კონგრესმენ ლოიდ დოჯეტთან

13-18 აგვისტოს საქართველოს 5 დღიანი ვიზიტით ეწვია დემოკრატი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან ლოიდ დოჯეტი. ვიზიტისას ის პრეზიდენტ შევარდნაძეს, გარემოს დაცვის მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და სხვა ქართველ ოფიციალურ პირებს შეხვდა. საუბრები ადამიანის უფლებებს, ეკოლოგიის საკითხებს და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხებოდა. `სივილ ჯორჯია~ კონგრესმენ დოჯეტს რეგიონში არსებული ვითარების, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხების შესახებ ესაუბრა.

კ: რა არის თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი?

პ: საქართველოს ვესტუმრე, რათა უეკეთ გავეცნო საქართველოში არსებულ რეალობას, განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და, რა თქმა უნდა, დავათვალიერო თქვენი მშვენიერი ქვეყანა.

კ: ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. ვითარება რთულდება პანკისისა და კოდორის ხეობებში. რა ზომებს შეიძლება მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებამ და, კერძოდ, აშშ-მა მომავალში მსგავსი პროცესების თავიდან ასაცილებლად?

პ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, აშშ-ს შეუძლია [ამ საკითხში] დახმარების აღმოჩენა და ასეც იქცევა. მაგალითისათვის, ავიღოთ საქართველოს საზღვრების დაცვის მიზნით აშშ-ის ტექნიკური დახმარება. თუმცა, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად აშშ-ის უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო ჩარევა ამ რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა.

საქართველომაც უნდა იზრუნოს პრობლემის გადაწყვეტაზე. საერთოდ, კონფლიქტის დროს მარტო ერთი მხარე არ არის დამნაშავე. იმედი მაქვს, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან დიალოგი გაგრძელდება და საქართველო გამონახავს გზებს, ერთი მხრივ, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და, მეორე მხრივ, მათი ქვეყნის შემადგენლობაში შესანარჩუნებლად.

მე უაღრესად შეშფოთებული ვარ რუსეთის სამხედრო ყოფნით ჩეჩნეთში და აქედან გამომდინარე – ადამიანის უფლებების დარღვევით. მე მესმის რუსეთს სურს, ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში გადმოსვლის აღკვეთა და იმედი მაქვს, რომ საქართველო შეძლებს თავისი საზღვრების დაცვას, რათა რუსეთს არ მიეცეს საბაბი ყაჩაღების მფარველობაში საქართველოს დასდოს ბრალი.

კ: აშშ-ერაყის შესაძლო ომის ფონზე, ბევრს მიაჩნია, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის მომავალი ოპერაციების მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთი აშშ-ის თანხმობას მოითხოვს პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად. რა კომენტარს გააკეთებთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით?

პ: ამგვარმა მოსაზრებამ “უოლ სთრით ჯორნალის” ევროპული გამოცემის ერთ-ერთ სტატიაში გაიჟღერა. მე არ მგონია, რომ რუსები აშშ-ის თანხმობის მოპოვებას შეეცდებიან, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ასეთი თანხმობა არც უნდა იქნეს მიცემული. მე დიდი კითხვის ქვეშ ვაყენებ აშშ-ის ერაყში შეჭრის იდეას, მაგრამ ამ ქმედებისათვის მოსკოვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დათანხმება საერთოდ წარმოუდგენელი რამ იქნება.

კ: უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ამასთან დაკავშირებით ბევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა და, მეორე მხრივ, დემოკრატიული  განვითარების პროგრამების არეალის გაფართოება. თქვენი მოსაზრება საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ?

პ: მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ეს არის საკითხი, რომელსაც მე ყველა ოფიციალური პირის წინაშე ვაყენებ პრეზიდენტ შევარდნაძის ჩათვლით. მე ვარ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, რომელშიც დემოკრატებიც შედიან და რესპუბლიკელებიც. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, მაგალითად, რელიგიური უმცირესობების დევნა. ნებისმიერი რელიგიური უმცირესობისადმი სამართლიანი და თანასწორი მოპყრობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

აღშფოთებული ვართ თავისუფლების ინსტიტუტზე თავდასხმით. ორგანიზაციები, როგორებიცაა თავისულფების ინსტიტუტი, გაეროს ასოციაცია და ა.შ. დემოკრატიის განვითარებაში ძირითად როლს ასრულებს. მე მესმის, რომ ქართული დემოკრატია აშშ-თან შედარებით ახალგაზრდაა და, ამდენად, ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არის გადასაჭრელი, მაგრამ არავინ არ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული რეფორმების, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების, სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნის, თავისუფალი მედიის დაცვისა თუ პატიმრების სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნა.

გრძლევადიან პერსპექტივაში, დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კორუფციის აღმოფხვრა.

კ: როგორ ხედავთ ჩვენი რეგიონის მომავალს?

პ: ეს რეგიონი ყოველთვის მსოფლიოს გზაჯვარედინს წარმოადგენდა. აქ განვითარებულ პროცესებს შეიძლება ძალზე დადებითი, ან ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მსოფლიო მშვიდობაზე. ჩემი აზრით, უმთავრესი ამოცანაა კონფლიქტების მოგვარება. ამ პრობლემების გადაჭრისას უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ეკონომიკურ მომავალზეც, რათა ოჯახებს კარგი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური უსაფრთხოება ჰქონდეთ გარანტირებული. მე ვხედავ უამრავ დახურულ საწარმოს, უამრავ უმუშევარ ადამიანს. მე მესმის, რომ თქვენ გესაჭიროებათ არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაც.

ეს ქათმისა და კვერცხის საკითხს ჰგავს: თუ პოლიტიკაში პრობლემებია, კორუფციაც ყოვლისმომცველი ხდება, თუ არსებობს საფრთხე ხალხისათვის, რომლებიც ამ რეგიონში ჩამოდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც რთულდება. თქვენ გჭირდებათ მეტი უცხოური ინვესტიციები, რათა ხელი შეუწყოთ ეკონომიკის ზრდას და იმ მომავლის შენებას, რომელიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

Back to top button