
პარლამენტმა აფხაზეთის საკითხის განხილვა გადადო
(თბილისი, 22 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქციათა უმრავლესობა აფხაზეთის საკითხის განხილვის გადადებაზე შეთანხმდა. დეპუტატები საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას აპირებდნენ. “აფხაზეთის საკითხს გაეროს უშიშროების კომიტეტი 31 ივნისს განიხილავს. სავარაუდოდ, უშიშროების საბჭო მნიშვნელოვან რეზოლუციებს მიიღებს. სწორედ ამიტომ ფრაქციათა უმრავლესობამ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე მსჯელობა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ არჩია”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი არ იქნება, შემთანხმების თანახმად, დეპუტატები დებატების გარეშე უყრიან კენჭს საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსს, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ასლან აბაშიძემ 20 ივნისს მოსკოვში განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ამ ეტაპზე ახალი კონფრონტაციის საფუძველი შეიძლება გახდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ივლისის პირველ კვირას პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევა სთხოვა, ვინაიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესიები 21 ივნისს დასრულდა.