ახალი ამბები

მთავრობა კოდორის ხეობის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კოდორის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების გეგმა წარმოადგინა.

ხეობის მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად, იქ გზებისა და სატელეკომუნიკაციო სისტემის აღსადგენად ფინანსთა სამინისტრო და პრეზიდენტის ფონდი 770 000 ლარს გამოყოფს.

პრეზიდენტის რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ხეობაში მდგომარეობა სტაბილურია და ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. 
სახელმწიფო მინისტრი უახლოეს ხანებში სოხუმში აპირებს ჩასვლას, სადაც აფხაზურ მხარესთან კოდორის ხეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კოდორის ხეობის გარშემო კრიზისი დაძლეულია, თუმცა ვითარების კვლავ დაძაბვა არ გამოირიცხება.

ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის მტკიცებით, კოდორის ხეობის მისადგომებთან აფხაზები ჯარების მობილიზებას ახდენენ და ხეობის შტურმისთვის ემზადებიან, ამავე დროს კი ხეობიდან ქართული საჯარისო შენაერთების გაყვანას ითხოვენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მან შეასრულა 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლი და ხეობიდან რეგულარული არმია გაიყვანა.

Back to top button