ახალი ამბები

ქართული ევრო-სკეპტიციზმი

საქართველოში კვლავაც დოლარს ენდობიან

“ევრო დოლარის ადგილს საქართველოს სავალუტო ბაზარზე ვერ დაიკავებს”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ.

16 იანვარს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საქართველოში ევროკომისიის მისიის ინიციატივით ევროს პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟაკ ვანტომი, ევროკომისიის აზიის, ლათინული ამერიკის, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი პიტერ ბექსი, ასევე საქართველოში არსებული საელჩოებისა და საქართველოს საბანკო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას განცხადებით, ა.შ.შ. დოლარი მყარადაა დამკვიდრებული საქართველოს ბაზარზე და პრაქტიკულად, ოპერაციების 90%-მდე ამერიკულ ვალუტაში ხდება .

“ამდენად, არა მგონია, რომ ევროვალუტამ, რაც არ უნდა მყარი პოზიციები ჰქონდეს მას საწყის ეტაპზე, სერიოზულად შეარყიოს დოლარის პერსპექტივები საქართველოში. თანაც, მთლიანობაში, მაინც და მაინც ევროს უპირატესობები დოლართან შედარებით ჯერჯერობით არ ჩანს”, აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

მერაბ კაკულიას ინფორმაციით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 160 მლნ დოლარს აღწევს. იგი ძირითადად ორ ვალუტაში – ევროსა და აშშ დოლარშია განთავსებული. უპირატესად კი, აშშ დოლარში.

“მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, მოგვიანებით შეიძლება განვიხილოთ ამ თანაფარდობის შეცვლის საკითხი. ეს დამოკიდებული იქნება აშშ-სა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე”, მიიჩნევს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორი თანაფარდობა ექნება ევროში და დოლარში განხორციელებულ ოპერაციებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ნაადრევია. 

ქართველი ექსპერტების პროგნოზს ევროკომისიის აზიის, ლათინული ამერიკის, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი პიტერ ბექსიც ეთანხმება.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დიდი წილი ევროს ზონის ქვეყნებთან არ მოდის. “თანაც, სულ არ არის აუცილებელი შეიცვალოს არსებული ვითარება”, – განაცხადა პიტერ ბექსმა.

თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ 16 იანვარს ლარისა და ევროს შემდეგი თანაფარდობა დაადგინა – 1 ევრო 1,9210 ლარის ოდენობით. ბანკის ექსპერტ-ანალიტიკოსი ზაზა გრიგალაშვილი აცხადებს, რომ იანვარში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ევროთი ვაჭრობა არ გამართულა.

საქართველოს ბანკების მხრიდან ევროს მიმართ დაბალ მოთხოვნას საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე იმით ხსნის, რომ ევროს ზონის ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს ახორციელებს, ევრო ახლა იწყებს დოლარის ჩანაცვლებას.

მერაბ კაკულიას ინფორმაციით, 2002 წლის 1 მარტამდე საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში იქნება შესაძლებელი ევროს ზონის ქვეყნების ყოფილი ეროვნული ვალუტების გადაცვლა ევროზე. ამ ვადის გასვლის შედეგ აღნიშნული ოპერაციის წარმოება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ შერჩეულ საბანკო დაწესებულებაშია შესაძლებელი.     

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია

Back to top button