
პანკისის ხეობა – კრიმინალური ანკლავი
მოსახლეობის პროტესტს სამართალდამცველთა რეაქცია მოჰყვა უშიშროების მინისტრი აღიარებს, რომ ხეობას ცენტრალურ ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ აკონტროლებს. 14 იანვარს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველები იწყებენ “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარებას ხეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, ცეცხლსასროლი იარაღის ამოსაღებად და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად.” ძალოვანი სამინისტროების გააქტიურება ახმეტის რაიონში მოსახლეობის მიერ მასობრივი საპროტესტო აქციის დაწყებას მოჰყვა. 7 იანვარს ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის წევრები შეუერთდნენ პანკისის ხეობაში მძევლად მყოფი მამა ბასილ მაჩიტაძის რამოდენიმე ნათესავს. გამტაცებლები მამა ბასილის განთავისუფლებისთვის ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ. მის გარდა ამჟამად გატაცებულია აზარბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე აზიზ ხალილოვი. საპროტესტო აქციის მონაწილენი მძევლების განთავისუფლებას, ხეობაში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებასა და საგუშაგოების ხეობის სიღრმეში გადატანას მოითხოვენ. აქციას მოგვიანებით ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა, მათ შორის პანკისელი ქისტებიც. პროტესტი ყოველდღიურად ფართოვდება და მას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. პანკისში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ხეობაში რთული ვითარებაა, თუმცა მე ვერ ვხედავ იქ ტრაგიკულ მოვლენათა განვითარების შესაძლებლობას.” სამართალდამცველების მიერ მიღებული განსაკუთრებული ზომების პირველი ღონისძიება 15 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარების სამი საგუშაგოს პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა იყო. მანამადე საგუშაგოები ხეობის შესასვლელში იყო განლაგებული. ამგვარ მცდელობას სამართალდამცველების მხრიდან შარშან გაზაფხულზე უკვე ჰქონდა ადგილი, თუმცა უშედეგოდ. მაშინ ხეობის სიღრმეში გადანაცვლებულმა საგუშაგოებმა მხოლოდ რამოდენიმე საათი გაძლეს, რის შემდეგაც, ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივ ქისტ მოსახლეობასთან დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, იძულებულნი იყვნენ კვლავ პანკისის შესასვლელთან დაბრუნებულიყვნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, საგუშაგოების ადგილმდებარეობის შეცვლას ამჯერად ექსცესები არ მოჰყოლია. პანკისში შექმნილ რთულ ვითარებას დაემთხვა 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ვიზიტი რუსეთში. პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმავე დღეს უარყო, რომ საქართველო რუსეთთან ერთად აპირებდა პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას. რუსეთს საქართველოსთვის ამ წინადადებით არაერთხელ მიუმართავს, თუმცა უარი მიუღია. რუსეთი პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეომრებისა და არაბი ტერორისტების შეფარებაში საქართველოს გამუდმებით ადანაშაულებს. ოფიციალური თბილისი ამ ბრალდებებს უკანასკნელ პერიოდში პრაქტიკულად აღარც უარყოფს. 2001 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენენტმა შევარდნაძემ აღიარა, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთი საქართველოს მის ექსტრადიციას თხოვს, თუმცა ამჟამად თბილისი აცხადებს, რომ არ იცის სად იმყოფება გელაევი. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჩეჩენი მეომრების დაჟინებული წინააღმდეგობა გახდა იმის საფუძველი, რომ შარშან შინაგანი ჯარების საგუშაგოების გადატანა პანკისის ხეობის სიღრმეში არ მოხერხდა. პანკისის კრიმინალურ ანკლავად გადაქცევაში პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი თავად სამართალდამცველებს ადანაშაულებს. პანკისის პრობლემა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა, როდესაც მინისტრის პოსტზე კახა თარგამაძე იმყოფებოდა. განსაკუთრებულ ღონისძებათა დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე სახელმწოფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ თანამდებობიდან დაითხოვა ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე. ქართულ პრესაში არაერთხელ აღნიშნულა, რომ იგი პანკისელ კრიმინალებთან მჭიდრო კავშირებით გამოირჩეოდა. ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტს გარკვეულწილად სწორედ პანკისს უკავშირებენ (გამოძიების ოფიციალური ვერსიით მკვლელობა პირადი მოტივებით მოხდა). გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გიორგი სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პანკისის ხეობაში არსებული ნარკობიზნესში მონაწილეობის დამადასტურებელი ვიდეოკასეტა ჰქონდა, თუმცა ეს მოსაზრება ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. ძალოვანი სამინისტროების მაღალჩინოსნების შესაძლო კავშირი კრიმინალებთან პანკისში ამჟამად დაწყებული ოპერაციების წარმატებით დასრულებაში გარკვეულ ეჭვს ტოვებს. ოპერაციის წარმატებით დასრულება შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების ახალ ხელმძღვანელობას ამ უწყებების შელახული რეპუტაციის აღდგენაში დაეხმარება. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაქართველმა ძალოვნებმა პანკისის ხეობაში, რომელიც კრიმინალურ ანკლავად გადაიქცა, განსაკუთრებული ზომების მიღება გადაწყვიტეს. საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ხეობაში 600-მდე კრიმინალი იმყოფება.