
პარლამენტმა “ახალ” მთავრობას შეუტია
პარლამენტი 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს 10 იანვარს განიხილავს. მანამდე მთავრობის წევრებმა კონსულტაციები უნდა ჩაატარონ საპარლამენტო ფრაქციებსა და კომიტეტებში. პარლამენტმა მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 100 მლნ. ლარით გაზრდა მოსთხოვა. 2002 წლის ბიუჯეტის დროულად მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ს.ს.ფ.) ერთ-ერთი პირობაა საქართველოს მთავრობისადმი, რათა ფონდმა საქართველოსთან ფინანსური პროგრამა აღადგინოს. პარლამენტში ბიუჯეტის საბოლოო, სავალუტო ფონდის ექსპერტებთან შეთანხმებული ვარიანტი 27 დეკემბერს მიიღეს. მისი განხილვა იმავე დღესვე მოეწყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენლებს ნათლად აგრძნობინეს, რომ ბიუჯეტის პროექტს იმ სახით, როგორც ეს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. ბიუჯეტის წინააღმდეგ წავიდნენ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრებიც. ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია. თავისი პრეტენზიები წამოაყენეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც. გადამწყვეტი შეხვედრა მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს შორის 28 დეკემბერს შედგა. შეხვედრა დახურულს კარს მიღმა წარიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობის კოორდინაცია ევალება, დაასახელა მხოლოდ ზუსტი თარიღი მომდევნო შეხვედრისა მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. ის 2002 წლის 10 იანვარს გაიმართება. მანამდე კი მთავრობის წევრებს, უპირველესად კი, ფინანსთა მინისტრს, თითქმის ყველა ფრაქციის პრეტენზიის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, ფრაქცია “მრეწველები” მოითხოვს, რომ ბიუჯეტში აისახოს 50 მლნ. ლარი, რომელიც საქართველოში მრეწველობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ფრაქციის ლიდერმა, გოგი თოფაძემ ამავე მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს 14 დეკემბერს წერილით მიმართა. “ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ უკვე 2002 წლიდან ქვეყანა გადავიდეს ე.წ. განვითარებად ბიუჯეტზე და საწყის ეტაპზე მთლიანი გასავლის, მინიმუმ, 5% გამოყოფილი იქნას ეროვნული წარმოების ინვესტიციების განსახორციელებლად. აღნიშნული თანხა, რაც 50 მლნ. ლარს შეადგენს, უნდა განაწილდეს საქართველოს რაიონების მიხედვით, რეალურ ბიზნეს-გეგმებზე დაყრდნობით”, – აღნიშნა წერილში “მრეწველების” ლიდერმა. გოგი თოფაძის აზრით, 50 მლნ. ლარი სამთავრობო კომისიამ უნდა გაანაწილოს, რომლის სათავეშიც ის პრეზიდენტს მოიაზრებს. “მრეწველების” ამ მოთხოვნას პრეზიდენტმა შევარდნაძემ შემდეგი რეზოლუზია წააწერა: საუბარი იმდენად უმნიშვნელო თანხას ეხება, რომ მისი გათვალისწინება ბიუჯეტში შესაძლებელია. ცნობისათვის, 2002 წლის ბიუჯეტი, საბოლოო პროექტის მიხედვით, 1 მლრდ. 65 მლნ. ლარია. ფინანსთა მინისტრმა “მრეწველების” მოთხოვნას, თავიდან, სასაცილო უწოდა, თუმცა 28 დეკემბრის სხდომის შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელი ამ წინადადების გათვალისწინებას დათანხმდა. დამატებითი სახსრების მოძიება საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის გაზრდის ხარჯზე უნდა მოხერხდეს. ამ მაჩვენებლის, დამატებით, 100 მლნ. ლარის ოდენობით გაზრდის მოთხოვნით გამოდის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე. მისი თქმით, თუ მთავრობა ამ შესწორებას ბიუჯეტის პროექტში არ გაითვალისწინებს, პარლამენტი ქვეყნის მთავარ საფინანსო კანონს არ მიიღებს. ბიუჯეტის სახარჯო ნაწილთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს ფრაქცია “მაჟორიტარების” წევრებმაც, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსგან რაიონებში გასაგზავნი ტრანსფერტების გაზრდას მოითხოვენ. ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსათვის” თავმჯდომარე ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ფრაქცია მას შემდეგ დაუჭერს მხარს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს, თუ ფინანსთა მინისტრი 2002 წელს პედაგოგებს ხელფასს მოუმატებს. ეს მოთხოვნაც ასევე გაზრდის ბიუჯეტს. საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე პარლამენტარების მოთხოვნებს არარეალურს უწოდებს. მას დაუცველი საზღვრებისა და კონტრაბანდის არსებული დონის პირობებში ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა მიზანშეუწონლად მიაჩნია. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, პარლამენტმა ძნელაძის არგუმენტები გაიზიაროს. ამ სიტუაციის ინტრიგა იმაშია, რომ 2002 წლის ბიუჯეტის პროექტით პარლამენტი რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. ნოემბრის საპროტესტო აქციებისა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ, რომლის დროსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტისგან წარდგენილ ყველა კანდიდატს, კანონმდებლების მიმართ საზოგადოებრივი აზრი არც თუ დადებითია. ამით უნდა აიხსნას ის აგრესიული განწყობა, რაც დღეს პარლამენტარებმა მთავრობის მიმართ გამოავლინეს. მთავრობაზე ასეთი ზეწოლის განხორციელებით პარლამენტი საზოგადაოებაში პოზიციების გამყარებას ცდილობს. ფრაქციების მოთხოვნები, მეტწილად, პოპულისტური და დღევანდელ ვითარებაში, ნაკლებად შესრულებადია. იმ შემთხვევაში, თუ 2002 წლის ბიუჯეტს პარლამენტი არ მიიღებს, დეპუტატებს უფლება აქვთ, პრეზიდენტის წინაშე დააყენონ მთავრობის პასუხიხმგებლობის საკითხი. ამდენად, პარლამენტი მთავრობას იძულებულს ხდის, გაზარდოს ბიუჯეტი და ამით მთელი 2002 წლის განმავლობაში ბიუჯეტის არშესრულებისთვის, ერთი მხრივ, პარლამენტისა და მეორე მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კრიტიკა ისმინოს. გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია2002 წლის ბიუჯეტით პარლამენტში ყველა უკმაყოფილოა