ახალი ამბები

ახალი სახეები ახალ მთავრობაში

როლანდ გილიგაშვილი
პრეზიდენტის მიერ მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

პოლიტიკური დახასიათება:

იმ შემთხვევაში, თუ როლანდ გილიგაშვილი იუსტიციის მინისტრად დამტკიცდება, დაბრუნდება უწყებაში, რომელშიც იგი ერთი თვის განმავლობაში იყო. როლანდ გილიგაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილის სკანდალური წასვლის შემდეგ დაინიშნა. ამასთან, მან იმ კადრების უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილმა მოიყვანა გაათავისუფლა და მათ მაგივრად შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თანამშრომლები დანიშნა.

როლანდ გილიგაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის გუნდთან ასოცირდება და უშუალოდ თარგამაძესთან დაახლოებული პირია. ეს ფაქტი კი პრობლემებს შეუქმნის პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებას.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”, რომელიც ძირითადად რეფორმატორთა ჯგუფის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, როგორც ჩანს მხარს არ დაუჭერს გილიგაშვილის კანდიდატურას.

ზოგადი ინფორმაცია:

დაიბადა 1952 წლის 18 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში. ცხოვრობს ქ. თბილისში. ჰყავს მეუღლე და შვილი.

განათლება:

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სპეციალობა: იურისტი.

პროფესიული საქმიანობა:

1983-1986 წწ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამომძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ;
1986-1997 წწ. – საქარველოს პროკურორის მოადგილედ;
1997-1999 წწ. – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
1999 წელს #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარული სისტემით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.
პარლამენტში იყო ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის წევრი,
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
2001 წელის სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე იუსტიციის მინისტრი.

ოფიციალური ქონებრივი დეკლარაცია:

მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობა:
საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში – 85 000 ლარი,
აგარაკი დაბა წყნეთში – 30 000 ლარი,
ავტოფარეხი ქ. თბილისში – 10 000 ლარი;
ნაღდი ფულადი თანხა – 2 000 ლარი.
ქონების საერთო ღირებულება: 127 000 ლარი.

საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებად მიაჩნია:

  • აგრარული სექტორის რეფორმა;
  • თავისუფალი ეკონომიკური ზონები;
  • კანონის განხორციელების მექანიზმების დახვეწა;
  • პოლიციის რეფორმა;
  • პროკურატურის რეფორმა;
  • მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება.


ვალერი ხაბურძანია
პრეზიდენტის მიერ უშიშროების მინისტრიეს თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

პოლიტიკური დახასიათება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვალერი ხაბურძანია პოლიტიკურად არა აქტიური ფიგურა იყო. თუმცა პარლამენტში მუშაობისას იგი ამ დაწესებულების სტრუქტურაში საკმაოდ გათვიცნობიერდა და შეიძლება ითქვას რომ მის პიროვნებას დეპუტატებიც კარგად იცნობენ.

წინასწარი ინფორმაციით უშიშროების მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას მას პარლამენტში პრობლემები არ შეექმნება. პარლამენტის წევრები ხაბურძანიას საქმიანობის შეფასებისას ერთსულოვანნი არიან და მის კანდიდატურას მხარს უჭერენ. ასევე დადებითად აფასებენ მის პიროვნებას უშიშროების სამინისტროში, სადაც იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ველრი ხაბურძანია უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ უშიშროების სამინისტროს მიერ მიმართულ ქმედებებს, რომელსაც უშიშროების ყოფილ მინისტრთან ერთად მთელი მთავრობა შეეწირა.

ხაბურძანიას განცხადებით აუცილებელია უშიშროების სამინისტროს რეფორმირება. უპირველეს ყოვლისა, ამ უწყებისათვის პოლიციური ფუნქციების ჩამორთმევა და კლასიკურ სპეცსამსახურად გადაკეთება. მისი განცხადებით უშიშროება უნდა იყოს სამსახური და არა სამინისტრო.

წინა მინისტრისაგან განსხვავებით ჟურნალისტებთან საუბარში იგი საკმაოდ უშუალოა და ხუმრობს კიდეც. ხშირად მოჰყავს მაგალითები ამერიკის კონსტიტუციიდან, აშშ-ის თავისუფლების დეკლარაციიდან, ევროპული ქვეყნების ინსტიტუტებიდან და აქცენტს აკეთებს დემოკრატიაზე. 

ზოგადი ინფორმაცია:

დაიბადები 1964 წ. ქ. ქუთაისში. ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს რუსულ ენას.
 
განათლება:

1989 დაამთავრა თ.ს.უ-ს იურიდიული ფაქულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1992 დაამთავრა თ.ს.უ.-ს ასპირანტურა.

პროფესიული საქმიანობა:

1992-97 წელბში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საერთაშორისო.
ურთიერთობათა და საკანონმდებლო საქმიანობის უფროსად.

1997 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსად.

2001 ივლისიდან – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

1994-დან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა დროს იყო ამავე ასოციაციის გამგეობის წევრი.

ლევან ძნელაძე
პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი,
ყოფილი საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
 
პოლიტიკური დახასიათება:

საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი ლევან ძნელაძე ერთმნიშვნელოვნად რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებასთან არ ასოცირდება. მას ნორმალური ურთიერთობები აქვს პოლიტიკური წრეების როგორც რეფორმატორთა, ასევე კონსერვატორთა წარმომადგენლებთან.

ამასთან, იგი არ აღიქმება სერიოზული პოლიტიკური ამბიციების მქონე პოროვნებად, ამიტომ პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით იგი არ იქნება ძლიერი სახელმწიფო მინისტრი.

ლევან ძნელაძის მამას ცნობილ ეკონომისტს დავით ძნელაძეს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ეს ფაქტორი ძნელაძის კარიერაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ზოგადი ინფორმაცია:

დაიბადა 1963 წელს თბილისში. ყავს მეუღლე და ორი შვილი. 

განათლება:

1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი.

1985 წლიდან 1988 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.

არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

სამეცნიერო ნაშრომები:

გამოქვეყნებული აქვს სტატიები და პუბლიკაციები, აგრეთვე სახელმძღვანელო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის 2 წიგნის ავტორი.

სამუშაო გამოცდილება:

1984-85 წ.წ.უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს შრომის სამეცნიერო ცენტრში ეკონომისტად.

1985-90 წ.წ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ეკონომიკური სამმართველოს ეკონომისტად.

1990-1994 წ.წ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე, შემდეგ კათედრის დოცენტი.

1994-1995 წ.წ. მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის სტრუქტურულ რეორგანიზაციაში. იყო მერიის საწარმო-საფინანსო ცენტრის დირექტორი.
1996-1997 წ.წ. იყო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი.
1997 წ.-ის ოქტომბეში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.
2000 წ.-ის ივნისში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
2000 წ-ის აგვისტოდან 2001 წ-ის აპრილამდე იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
2001 წ-ის აპრილიდან საქართველოს სახემწიფო ქონების მართვის მინისტრი.
2001 წლის სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.  

კობა ნარჩემაშვილი
პრეზიდენტის მიერ შინაგან საქმეტა მინისტრობის თანამდებობაზე წარსადგენი შესაძლო კანდიდატი

პოლიტიკური დახასიათება

შინაგან საქმეთა მინსტრის მოადგილე კობა ნარჩემაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე პირველად 2000 წელს გამოჩნდა, როდესაც იგი პრეზიდენტმა შევარდნაძემ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნა. მაშინ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი, რეფორმატორთა გუნდის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი გამოდიოდა.

მისი კარიერის აღმასვლა 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის საქმის გამოძიებას უკავშირდება. იგი ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ნიკა კვეზერელის პროკურორი იყო.

ნარჩემაშვილი არ ასოცირდება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის გუნდთან (მინისტრის სხვა მოადგილეებისაგან განსხვავებით). ამან პარლამენტში მის დამტკიცებაზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს. თუმცა, კობა ნარჩემაშვილი პრეზიდენტის ოჯახთან საკმაოდ დაახლოებულ პირია (დაუზუსტებელი ინფორმაციით იგი პრეზიდენტ შევარდნაძის მეუღლის ნანული შევარდნაძის ნათლულია).

ზოგადი ინფორმაცია:

დაიბადა 1969 წ. ქ. ქუთაისში. ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს რუსულ ენას.

განათლება:

1993 წელს დაასრულა თ.ს.უ.-ს იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

პროფესიული საქმიანობა:

1993-95 წ.წ.-ში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორად და შემდეგ უმცროს გამომძიებლად.

1995-96 წ.წ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქნეთა გამომძიებელი.

1996-97 წ.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეფერენტი.

1997 წ-ის აპრილიში დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილედ.

1998-2000 წ.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

2000 წ.-ის აპრილში დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2001 წ-დან დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2001 წელს მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება.

Back to top button