ახალი ამბები

“კოდორში რუსული ჭურვები ცვივა”

ქართული პრესა აფხაზეთსა და კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

“რეზონანასი”

გაზეთი აფხაზეთის კონფლიტის ზონაში შექმნილ ვითარებას ხუთ პუბლიკაციას უძღვნის.

საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. პარალალელურად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იგი აფხაზეთში ომს არ აწარმოებს. “მაშინ, როცა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს კონკრეტულ სახელს საქართველოს ხელისუფლებაში ვერავინ არქმევს, კოდორში რუსული ჭურვები ცვივა”, წერს “რეზონანსი”. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, აფხაზი წვევამდელები არმიაში სამსახურს თავს არიდებენ. ეს ნათელია იმ ფაქტიდან, რომ მობილიზებულ რეზერვისტთა მხოლოდ 20% გამოცხადდა. ისინი გუშინ გულრიფშის რაიონში გადაიყვანეს.

“რეზონანსი” კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტს მიმოიხილავს. “ოფიციალური თბილისი კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბებას აჭიანურებს”, წერს გაზეთი, თუმცა პრეზიდენტ შევარდნაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის პოზიციაზე მიუთითებს კოდორის ხეობის დაბომბვასთან დაკავშირებით. ისინი, მომხდარზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებენ. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალის არსებობაზე ღიად მიანიშნებენ ქართველი კანონმდებლებიც. რუსი ჩინოვნიკები საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფენ.

“რეზონანსი” რუსეთს “საშიშ ჩრდილოელ მეზობელს უწოდებს” და მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება. “ეს უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ასე აშკარად და მთელი მსოფლიოს დასანახად ბომბავს საქართველოს”, წერს გაზეთი.

“აფხაზეთში მიმდინარე საომარი შეტაკებების პარალალურად, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საინფორმაციო ომი მიმდინარეობს”. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობები, თითქოს საქართველომ თავად დაბომბა საკუთარი ტერიტორია, რათა რუსეთი პროვოკაციაში ჩაეთრია და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში დაედანაშაულებინა, წერს გაზეთი.

“რეზონანსთან” საუბრისას აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელმა გერმანე ფაცაციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთში სავარაუდო პროვოკაციის ავტორი თავად საქართველოს პრეზიდენტი შევარდაძეა. მას ასევე მიაჩნია, რომ აფხაზეთში ახლა შექმნილი ვითარება ჩეჩნებისთვის ძველი ცოდვების მონანიების შანსია (1992-93 წლებში აფხაზეთის ომში ჩეჩენები ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ).

“რეზონანსის” ონფორმაციით, სვანეთში იქმნება სახალხო რაზმები, რომელთა მიზანია სოფლების დაცვა და პირადი უსაფრთხოება. გაცილებით დაძაბული ვითარებაა კოდორის ხეობაში. მას მოსახლეობა თანდათანობით ტოვებს. 

“დილის გაზეთი”

“დილის გაზეთი” შედარებით უფრო ანალიტიკური სახის სტატიებს აქვეყნებს და ცდილობს განმარტოს კოდორის ხეობასა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენები. გაზეთის ვარაუდით, ჩეჩნები სულაც არ აპირებდნენ აფხაზურ მხარესთან ომის დაწყებას, მაგრამ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთის განაწყენების შეეშინდა და ჩეჩნებს დაუპირისპირდა. გაზეთის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად კავკასიის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე დაიღვარა სისხლი ჩეჩნებსა და აფხაზებს შორის. ბუნებრივია, ქართული პარტიზანული რაზმები, რომლებიც კოდორის ხეობაში მოქმედებენ, უეჭველად შეეცდებოდნენ ხეობაში არსებული ვითარება შურისძიებისათვის და აფხაზეთის მიმართ თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის გამოეყენებინათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფხაზეთში მოვლენები ორშაბათის შემდეგ ასე განვითარდა: ჩეჩნურ ფორმირებებს შეუერთდნენ სხვა ჩრიდოკავკასიელები, რომლებიც აფხაზურ მხარეს უკვე მტრად აღიარებენ რუსეთისადმი მისი პოზიციის გამო. “ქართულ-კავკასიურმა ფორმირებამ არძინბას ეგრეთ წოდებული არმიის და საარტილერიო დაბომბვის პასუხად განახორციელა შეტევა კოდორის შესართავის მიმართულებით, რის შედეგადაც საბრძოლო მოქმედების არეალმა კოდორის ხეობიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ გადაინაცვლა”, წერს გაზეთი. სოხუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელბული ბრძოლების შემდეგ დაიბომბა მდინარე კოდორის მიმდებარე ტერიტორია. 

გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტზე, რომელიც სხვა არც ერთ პერიოდულ გამოცემას სათანადოდ არ განუხილავს: აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ქართულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი გეორგიევკა, რის შემდეგაც ქართულ-ჩრდილოკავკასიურმა ფორმირებებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს სოფელზე. საქართველოს ხელისუფალთა მტკიცებით კი, სამშაბათს დილით დაიბომბა სოფელ საკენის მიმდებარე ტყე. ნიშანდობლივია, რომ “საკენიდან გეორგიევკამდე საკმაოდ დიდი მანძილია, ამიტომ გამორიცხულია, აქ იგულისხმებოდეს ერთი და იმავე სამხედრო-საჰაერო აქციის ორი სხვადახვა ინტერპრეტაცია”, წერს “დილის გაზეთი” და არ გამორიცხავს, რომ სინამდვილეში საუბარი იყოს თითქმის ერთდრლოულად განხორციელებულ ორ სხვადახვა დაბომბვაზე.  

გაზეთის აზრით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, იქნებოდა საქართველოს მხრიდან პოზიციათა დათმობა. “სამხედრო წარმატება (თუნდაც თავდაცვითი ბრძოლებისას) უეჭველად აიძულებთ სეპარატისტებს დათმობებზე წამოვიდნენ”, წერს “დილის გაზეთი”. მას მიაჩნია, რომ სოხუმი ფართომასშტაბიანი ოპერაცის განხორცილებას ერიდება, ვინაიდან იცის, რომ ამჯერად მის წინააღმდეგ იბრძვიან არა მარტო ქართველი პარტიზანები, არამედ ჩრდილოკავკასიური, აფსუათა მონათესავე, ტომებიც. სტატის ავტორი, მიმოიხილავს რა კავკაიური ტომების ურთიერთობას, ავიწყდება ამ ურთიერთობაში რუსეთის როლი.

მეორეს მხრივ, “დილის გაზეთის” მეორე სტატია აფხაზეთის შესახებ, სრულდება ფრაზით: “დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთმა საქარველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედება წამოიწყო”. სტატიის სათაურია “რუსეთს “წითელი ხაზის” არ ეშინია” და მასში საუბარია რუსეთის დიდ როლზე აფხაზეთის კონფლიქტში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ ქართველები აფხაზეთს სხვისი დახმარებით დავიბრუნებთ, ის სხვები აუცილებლად მოგვთხოვენ ქართველებს საზღაურს. “ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინძლო, ეს საზღაური უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი არ აღმოჩნდეს, თითოეული ჩვენთაგანისთვის, ვიდრე კოდორის ხეობა და მთლიანად აფხაზეთი”, წერს სტატიის ავტორი.

“ალია”

“ასრულდა რუსი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები: “როგორც კი ამერიკა ავღანეთს დაბომბავს, ჩვენ საქართველოს დავარტყამთ”, წერს “ალია”.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა უცხო თვითმფრინავს ჩამოადგებს, თუმცა გაზეთს აინტერესებს, თუ რატომ არ ჩამოაგდეს ის თვითმფრინავები, რომლებმაც გუშინ დილით კოდორის ხეობა დაბომბეს.

გაზეთი ესაუბრა კავკასიის ხალხთან ურთიერთობის საკითხებში ექსპერტს მამუკა არეშიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები დიდი პროვოკაციაა. “ამას ისიც მოწმობს, რომ აფხაზეთის მხარე საეჭვოდ იყო გაყუჩებულ, როდესაც ეკითხებოდნენ ჩეჩნების თაობაზე… მათი გეგმის ერთი ნაწილი იყო, ჩეჩნები აფხაზეთის ტერიტორიაზე შეეტყუათ”, აცხადებს არეშიძე “ალიასთან” საუბრისას. მას მიაჩნია, რომ ჩეჩნების საქართველოს ტერიტორიის გავლით აფხაზეთში მოხვედრა საქართველოს ხელისუფლების უდიდესი შეცდომა იყო.

მოამზადა სალომე ჯაშმა

Back to top button