
ვერსიები დავით შენგელიას ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით
კვირას ზუგდიდში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა აფხაზების წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული შენაერთის “ტყის ძმების” ლიდერის დავით შენგელიას ოჯახს. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს შენგელიას სიდედრი და სიმამრი და მძიმედ დაჭრეს მისი ცოლისძმა. “როგორც ამბობენ, ეს თავდასხმა პარტიზანის წინააღმდეგ იყო მიმართული და მის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად”. წერს “ახალი თაობა”. ვერსიები თავდასხმასთან დაკავშირებით მრავლადაა და ზოგიერთი პოლიტიკოსი იმასაც არ გამორიცხავს, რომ დავალება მთავრობისგან მოდიოდა. “ახალი თაობის” არაოფიციალური ინფორმაციით, დავით შენგელიაც ეთანხმება ამ მოსაზრებას, თუმცა ის ოფიციალური კომენტარის გაკეთებისა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. ასევე დასაშვებია, რომ მკვლელობა კრიმინალური კლანების დაპირისპირების შედეგი იყოს. თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსია მკვლელობაში აფხაზების მონაწილეობას უკავშირდება. მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ, სწორედ მდ. ენგურთან, აფხაზეთის საზღვართან იპოვნეს. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო შენგელიაზე თავდასხმა მისი პარტიზანული საქმიანობის გამო. “რადგან შენგელია პარტიზანული შენაერთის მეთაურია და ბოლო დროს აფხაზებს გარკვეული პრობლემებიც შეუქმნათ, ალბათ ეს მკვლელობა აფხაზებმა ჩაიდინეს”, აცხადებს ნადარეიშვილი და არ გამორიცხავს, რომ ამ თავდასხმას სამეგრელოში სიტუაციის დაძაბვა მოჰყვეს. ნადარეიშვილის მოსაზრებას იზიარებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია. ხალხში გავრცელებული ვერსიით, დათო შენგელიას კრიმინალურ სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ზუგდიდის მოსახლეობა აცხადებს, რომ პარტიზანების დიდი ნაწილი სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას მისდევს. თამაზ ნადარეიშვილი უარჰყოფს ამ მოსაზრებას და “ალიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბევრი კრიმინალი პარტიზანის სახელს ამოფარებული სჩადის დანაშაულს. “ახალი თაობა” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, თუ როგორ შეიძლება აფხაზები (თუ თავდამსხმელები მართლა აფხაზები იყვნენ)ზუგდიდში ასე თავისუფლად მოხვედრილიყვნენ. “ზუგდიდში აფხაზებს შემოსვლა უნდა გასჭირვებოდათ. აქ არის პოლიცია, აქვე არიან შინაგანი ჯარებიც და სამშცვიდობოებიც… თუ მართლაც აფხაზებმა მოაწყვეს დავით შენგელიას ოჯახზე თავდასხმა, ეს ისევ და ისევ ქართველი სამართალდამცავების უსუსურობაზე მეტყველებს”, აცხადებს გაზეთი. “ახალი თაობა”, “რეზონანსი”, “ალია”