skip to content
ახალი ამბები

მთავრობის სხდომა. 29 აგვისტო, ოთხშაბათი, 2001. 16:09

29 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ, 28 აგვისტოს ქართულ პრესაში, პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. შევარდნაძის განცხადებით იგი მხარს უჭერს წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს და ემხრობა ქვეყნის პირველ პირებს შორის საჯარო მიმართვის ამგვარ ფორმას. წერილში გამოთქმულ საკმაოდ მწვავე მოსაზრებებს კი, პრეზიდენტმა “გამამხნევებელი” უწოდა და ჟვანიას მადლობაც კი მოუხადა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ რას ფიქრობენ ქვეყნის პირველი პირები, სახელმწიფოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სპიკერის წელიში ლაპარაკია ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე. იგი პრეზიდენტს კარდინალური ინსტიტუციონალური და საკადრო ცვლილებების განხორციელებისაკენ, ასევე კორუფციასთან ბრძოლაში რადიკალური ნაბიჯების გადადგომისაკენ მოუწოდებს. ჟვანია აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა დატოვონ იმ პირებმა, რომლებმაც უკანონოდ მიითვისეს სახელმწიფო ქონება. ამას უნდა მოყვეს ხელისუფლებაში ძირეული რეფორმა, ერთიანი ეკონომიკური გუნდის ჩამოყალიბება და ძალოვანი სტრუქტურებში სერიზული ცვლილებების გატარება. სპიკერის აზრით, ამჟამად არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების სრული რღვევის რეალური საფრთხე. 

შევარდნაძის განცხადებით, პრეზიდეტენტობის დარჩენილ ვადაში იგი სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებას გეგმავს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა და რაც ყველაზე მთავარია _ კორუფციის აღმოფხვრა. შევარდნაძის განცხადებით, მას არასოდეს დაუმალია, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის, რის დასაძლევათაც ბევრი რამ გაუკეთებია, “მე კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ღმერთის მიერ ვარ შთაგონებული და ეს ჩემი მთავარი ამოცანაა”, განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით, მომზადებულია ანტიკორუფციული პროგრამები, მომავალ კვირას, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ანტიკორუფციული ბიუროს თავჯდომარეს მირიან გოგიაშვილის მოხსენებას მოისმენენ, რომელიც კონკრეტულ მასალებეზეა დაფუძნებული. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება, რეპრესიების დაწყებად არ უნდა მივიჩნიოთ. სხვათა შორის მომავალ კვირას გოგიავილის საკმაოდ მწვავე მოხსენებაა მოსალოდნელი. აღნიშნული მოხსენების გაკეთება, ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პრეზიდენტმა ანტიკორუფციული ბიუროს თავჯდომარეს, მოხსენებაში მოყვანილი კორუფციის სერიოზული ფაქტების გადამოწმება თხოვა, სწორედ ამ მიზეზის გამო მისი მოსმენა გადაიდო.

რაც შეეხება პრეზიდენტის კომენტარისადმი მთავრობის წევრების დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა მათმა უმრავლესობამ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განცხადება ჟვანიასადმი რეალურ მხარდაჭერად აღიქვეს და პარლამენტის თავჯდომარის აზრს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავადაც დაეთანხმნენ. ერთადერთი მინისტრი, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ არანაირი კომენტარი არ გააკეთა, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო. მისი თქმით პრეზიდენტის კომენტირება მისი საქმე არ არის. მან ასევე უარი თქვა თავისი აზრი დაეფიქსირებინა ჟვანიას განცხადებებთან დაკავშირებით.

29 აგვისტოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, ფინანსთა მინისტრის ზურაბ მნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი, საწარმოთათვის “საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” იყო.

აღნიშნული კანონპროექტით საწარმოთა დავალიანებების რესტრუქტურიზაცია პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდება. ვალების რესტრუქტურიზაციის ვადებს სპეციალური კომისია განსაზღვრავს, რომლის შემადგენლობას და დებულებას პრეზიდენტი დაამტკიცებს. 

კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა ხელმეორე რესტრუქტურიზაცია 15 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი შეღავათიანია. როგორც ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დავალიანების რესტრუქტურიზაცია მხოლოდ ერთხელ, 3 წლის ვადით არის შესაძლებელი, რაც საწარმოების პრივატიზაციის პროცესს აფერხებს.

მთავრობის წევრებმა აღნიშნული კანონპროექტი დადებითად შეაფასეს და სავარაუდოდ, იგი პარლამენტს პლენარული სესიების დაწყებისთანავე წარედგინება განსახილველად. 

მსგავსი/Related

Back to top button