ახალი ამბები

პოლიციამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა

თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში მონაწილეობისთვის 13 პირია დაკავებული, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გვიან ღამით და დასძინა, რომ მიმდინარეობს მიმალვაში მყოფი კიდევ ორი ​​პირის ძებნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

6 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პოლიცია იმ მომიტინგეებს აკავებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ.

6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ 4 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ორი ​​პირი, რ.შ. და ს.პ. დააკავა.

რ.შ. მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დადგინდა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ  ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე  საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button