
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა 4 ოქტომბრის თაობაზე გაკეთებული მოწოდებებისთვის დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა დააკავა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის მოქალაქეებს „4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და მთავრობის დამხობისკენ“ მოუწოდებდა.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კუპრავას სისხლის სამართლის ორი ბრალდება წაუყენეს: 317-ე (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება) და 353-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით. მაღრაძის თქმით, კუპრავამ დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, კუპრავამ განაცხადა: „დილიდან, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს [საარჩევნო უბანს] აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.
This post is also available in: English