
ნიკა მელიას დაკავებას ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა
ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიის „ახალი“ თანათავმჯდომარე და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, 29 მაისს დააკავეს, სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, რომელზეც დასწრებასაც ის არ აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მელია პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო ოპოზიციამ დაკავება „გატაცებად“ შეაფასა.
მელიას ცალკე სისხლის სამართლის ბრალიც აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. ბრალდება გირაოს ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 50 000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრა. მელიამ განაცხადა, რომ ის არც გირაოს გადაიხდიდა და არც სასამართლო სხდომას დაესწრებოდა. თუმცა, ახლა ის ახლა გამოცხადებას და თავისი სადავო დაკავების დეტალების მოყოლას აპირებს. მას ამ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობა ემუქრება, ისევე როგორც კიდევ ერთ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც მსგავს საქმეზე და ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს.
„სამოქალაქო საქართველო“ მელიას დაკავების შესახებ ადგილობრივი და უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ:
ადგილობრივი გამოხმაურებები
„წინააღმდეგობის პლატფორმა“: „ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“
„ძლიერი საქართველო“: „ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს. გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო. კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!“
საერთაშორისო გამოხმაურებები
ჯო უილსონი, ამერიკელი კონგრესმენი: „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ახლახან ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია დააკავა იმავე ცრუ საბაბით, რაც ოპოზიციაზე წინა თავდასხმა იყო. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ. გამოსავალი სანქციებია!“
რასა იუკნევიჩიენე, ლიეტუვის პარლამენტის წევრი: „ახლახანს ქუჩაში კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. ერთი კვირის წინ – ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში სიტუაცია უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ!“
მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრაა – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში გაკეთდა. ნიკა მელიას დაპატიმრება, სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი. უფრო მკაცრი სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ გარდაუვალია, თუ დემოკრატიებს სურთ რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტურ ამბიციებს შეეწინააღმდეგონ“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 23/05/2025 – ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ადგილობრივი გამოხმაურებები მოყვა
- 11/03/2025 – ინიცირებული ცვლილებებით, ნაცმოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ნებისმიერ ეტაპზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება ენიჭება
This post is also available in: English