გერმანიის ელჩი: ‘აგენტების’კანონის გამო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის მიღების მეორე დღეს, 29 მაისს, BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს საქართველოსთან მანამ, სანამ აღნიშნული კანონი ძალაში იქნება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ვენეციის კომისიის მოსაზრება კანონთან დაკავშირებით, რომ ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველების ფუნდამენტურ უფლებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის, რომ ინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

რაც შეეხება ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ მოსალოდნელ სანქციებს, ელჩმა აღნიშნა, რომ სანქციები „ფართო“ ცნებაა, რომელიც მოვლენების მიმართა უარყოფით რეაქციას გულისხმობს, რასაც უკვე ჰქონდა ადგილი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან. მან ამ თემაზე დამატებითი დეტალები არ გაახმოვანა.

ელჩს ასევე ჰკითხეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ცხრა რეკომენდაციაზე. მან განაცხადა, რომ ამ კუთხით რაიმე პროგრესს ვერ ხედავს და პირიქით, უკან გადაიდგა ნაბიჯები. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი სწორედ ამ რეკომენდაციებს არღვევს. ამ კონტექსტში, მან დასძინა, რომ საქართველო ევროკავშირის ათ კანდიდატ ქვეყანას შორის ლიდერი იყო, თუმცა ფსკერზე დაეშვა.

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვაზე მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სათანადო წესით არ ჩატარდება, ევროკავშირი მათ ევროკავშირის სტანდარტების კიდევ ერთ დარღვევად შეაფასებს. ელჩმა ფიშერმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს გამოიყენონ ხმის მიცემის შანსი.

ინტერვიუს დროს გერმანიის ელჩმა ასევე ისაუბრა იმ პოზიტიურ ზეგავლენაზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესმნა ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე იქონია და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს აფერხებს, უარყოფითად აისახება ბიზნესზე.

ელჩი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ პოლიტიკურ განწყობას, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მათ შორის იმის გამო, რომ სხვადასხვა მთავრობებს, რომელიც შეიძლება მოვიდეს ევროპაში ხელისუფლებაში, შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ გაფართოებაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version