„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, 66-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი არავინ ყოფილა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელმოწერამდე და მის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.

„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და კანონის საბოლოო მიღებაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნება“: „ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, ჩვენი ოჯახებით, ჩვენი ხალხით, ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა! ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს“.

რატი იონათამიშვილი, „ქართული ოცნება“: „საზოგადოებას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და საზოგადოებას აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია…  [კანონის მიღებით] ზიანი არ მიადგება, ერთადერთი ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის დაზიანება არის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია… შედეგები გამოჩნდება ოქტომბერში… რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებთ“.

ოპოზიცია

მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს! გამარჯვების ჯერია! ჩვენი გზა ევროპაშია“.

თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „დღეს ივანიშვილის დეპუტაციას ჰქონდა ბოლო შესაძლებლობა, რომ ხელი არ მოეწერა ქვეყნის ღალატზე, დამდგარიყო ისტორიის ნათელ მხარეს, მაგრამ დღესაც მათ არ გამოიყენეს ეს ბოლო შანსი და თავისუფლებასა და მონობას შორის მონობა აირჩიეს; რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩიეს და ამით ხელი მოაწერეს ქვეყნის ღალატს. ჩემი აზრით, როგორც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია, რადგან ამხელა გამოწვევის წინაშე, ევროპული გამოწვევის წინაშე, დღეს საზოგადოების მთავარი დაკვეთა რუსული მთავრობის გასტუმრებასთან ერთად არის ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა“.

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ოპოზიციაევროოპტიმისტები“: „პირობას ვდებ, ვფიცავ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, საქართველოს ერთი მოქალაქე, დედა, შვილი, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი [ქართული ოცნება] გავისტუმროთ“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ღალატის გზა არის ძალიან მძიმე გზა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს,  რომ მათ [ქართულ ოცნებას] სინდისი აწუხებთ, იციან რომ უკეთურ ქმედებას სჩადიან. ღალატის გზას დაადგნენ, არასწორ დავალებას ასრულებენ… მე არ ვფიქრობ, რომ ასეთ ხელისუფლებას აი ის ხალხი იმსახურებს, რომელიც ახლა გარეთ [აქციაზე] არის, ამიტომ ვარ დარწმუნებული რომ 26 ოქტომბერს… ხალხი გაიმარჯვებს“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩიმეტი თავისუფლება“: „სამუდამოდ დავასრულოთ ეს ისტორიული სირცხვილი. 5 თვე არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე. ეს ქვეყანა არ გარუსდება! 2030-ში ევროკავშირში“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად შეცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დააკანონა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი აზრის მიმართ. რუსეთის კანონის მიღებამ „ქართული ოცნების“ გარდაუვალი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები გამოავლინა. თუმცა, ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მძიმე შედეგების წინაშე დგას და მათ შორისაა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის პოტენციური გადახედვა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაბლოკვა, სწრაფი ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. ეს არის მოწოდება, მეტი მონდომებით ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველმა ხალხმა უკვე მოიპოვა მთავარი გამარჯვება და მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო ევროპაა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა საპარლამენტო არჩევნების დროს ამ გამარჯვების დასაკანონებლად“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version