ახალი ამბები

პაპუაშვილს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წერილის დამალვაში ადანაშაულებენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სახელზე 11 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც მედიაში 16 აპრილს გავრცელდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს „თავი შეიკავონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებისგან“ და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელონ. შეშფოთების სერიოზულობაზე ისიც მეტყველებს, რომ წერილში ხაზგასმულია თხოვნა, რომ ის პარლამენტის ყველა წევრს გადაეცეს. თუმცა, როგორც ჩანს, წერილი დეპუტატებს შორის არ გავრცელებულა.  

კომისრის თხოვნის მიუხედავად, რომ წერილი პარლამენტის წევრებს შორის გავრცელებულიყო, პაპუაშვილმა წერილი დამალა, რასაც „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის მხრიდან მისი  გამჭვირვალობის არქონაში დაადანაშაულება მოყვა.

ადამიანის უფლებათა კომისრის წერილი

კომისარი ადამიანის უფლებებზე კანონპროექტის პოტენციურ გავლენაზე საუბრობს და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მას მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოება და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები მოყავს. წერილში ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობა.

კომისრის მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი წუხილი ეხება კანონპროექტში შემოთავაზებული ღონისძიებების საჭიროებასა და პროპორციულობას, ასევე დაფინანსების წყაროებიდან გამომდინარე შესაძლო დისკრიმინაციულ შედეგებს. იგი იმ სსო-ებისა და მედია საშუალებების შესაძლო სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციაზეც მიუთითებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. კომისარი აღნიშნავს, რომ „გამჭვირვალობის ძიება არ უნდა ხდებოდეს არაპროპორციული საშუალებებით და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური გამოყენების საზიანოდ“.

კომისარი წერს: „მე ასევე მიმაჩნია, რომ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი „ორგანიზაცია, რომელიც უცხოური გავლენის ინტერესებს ახორციელებს“ გულისხმობს დამოკიდებულების და კონტროლის მაღალ დონეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციასა და დონორ ორგანიზაციას შორის. როგორც ჩანს, ეს არ შეესაბამება საზღვარგარეთიდან მთლიანი წლიური შემოსავლის მხოლოდ 20%-ზე მეტის – პირდაპირ ან თუნდაც ირიბად – მიღების მოთხოვნას“.

პაპუაშვილის პასუხი

16 აპრილს, კომისრის წერილის საპასუხო წერილში პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა კომისრის წერილში წამოჭრილ ყველა წუხილს უკუაგდებს და სანაცვლოდ ხაზს უსვამს კანონპროექტის „ვალდებულებას, რომ გაზარდოს გამჭვირვალობა“, რაც „დემოკრატიის ფუნდამენტური ასპექტია“.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და დასძენს, რომ კანონი დაუპირისპირდება უცხოურ გავლენას და ამავდროულად პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მისი თქმით, „კანონპროექტი ითვალისწინებს დაფინანსების წლიური დეკლარირების ერთადერთ ვალდებულებას“ და არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო სტიგმატიზაციასთან. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არსებული წუხილების მოსაგვარებლად კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა ტერმინი „უცხოელი აგენტი“ და მის ნაცვლად დაემატა ფორმულირება „ორგანიზაცია, რომელიც უცხოური გავლენის ინტერესებს ახორციელებს“.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შარშან ეს კანონი ჩავაგდეთ, იყო შეთანხმება და გაგება იმისა, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური ორგანიზაციები გაასაჯაროვებდნენ თავიანთ დაფინანსებას და ამ ინფორმაციას პროაქტიულად მოგვაწვდიდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ჩვენ ვცდილობდით პარტნიორობა დაგვემყარებინა ძირითად დონორ ორგანიზაციებთან ნებაყოფლობით საფუძველზე, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სიტუაცია გაუარესდა… სამწუხარო რეალობა საქართველოში ის არის, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის თავის არიდებას და ფარულად ახდენს გავლენას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „კანონპროექტი აამაღლებს სსო-ების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს“, რომელიც, მისი თქმით, „პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებული სკანდალების გამო“ შეირყა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი გაზრდის საზოგადობის ნდობას სსო-ების მიმართ, ასევე „გააუმჯობესებს საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მთლიანობას და საშუალებას მისცემს არაკომერციულ ორგანიზაციებს უფრო ინკლუზიური მონაწილეობა მიიღონ საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button