ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ წამების პრევენციის კომიტეტის კრიტიკულ ანგარიშს პასუხობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის მარტში საქართველოში ვიზიტის შესახებ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევეციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს ოფიციალურად უპასუხა. კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სიტუაცია, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „დამთრგუნველი და დამამცირებელია და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“. დაუგეგმავი ვიზიტის მიზანი კლინიკა „ვივამედში“ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა იყო. თუმცა, სავარაუდოდ, დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება იყო, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. საქართველოს მთავრობამ ანგარიშის და მასზე მთავრობის პასუხის გამოქვეყნება მოითხოვა.

ანგარიში კომიტეტის ვიზიტის შესახებ

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციას არ გაუგია ბრალდებები კლინიკის სამ მკაცრი რეჟიმის პალატაში მომუშავე პერსონალის მხრიდან პაციენტების ცუდი მოპყრობის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია პატიმრების ორი საჩივრის შესახებ, რომლებიც პერსონალის მხრიდან ცუდი მოპყრობას ეხებოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „არსებული მდგომარეობით, მიუხედავად ზოგადად მისაღები საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისა, „ვივამედის“ სამი მკაცრი რეჟიმის პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს, ვინაიდან საბოლოო სიტყვა ყველა არსებით საკითხზე არა ექიმებს, არამედ პენიტენსიურ სისტემას ეკუთვნის.

დოკუმენტში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც პაციენტი C-ი (ევროპის საბჭოს წამების და არაადამიანური მოპყრობის თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანგარიშში ინდივიდუალურ პირთა სახელები მოცემული არ არის), ნათქვამია, რომ რიგი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა სამარტოო საკანში თვეების მანძილზე ყოფნა, ჰაერზე გასეირნების უფლების წართმევა და მუდმივი თვალთვალი, იწვევს სიტუაციას, რომელიც დამთრგუნველი და დამამცირებელია და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომიტეტის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, რომ სამი მკაცრი რეჟიმის პალატა კლინიკის სამედიცინო პერსონალმა მართოს.

ანგარიშში გამოვლენილი სხვა პრობლემებია: სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი და დამუშავება, სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ სართულებზე გადაადგილების შეზღუდვა, მკაცრი რეჟიმის პალატებში შეიარაღებული და ფორმიანი ოფიცრების მუდმივი ყოფნა, ექს-პრეზიდენტის მუდმივი თვალთვალი, პატიმრებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალის პროფესიული დამოუკიდებლობის ნაკლებობა და ა.შ. კომიტეტი აცხადებს, რომ პატიმართა ჯანდაცვის მომსახურებაზე პასუხისმგებლობის გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის აუცილებელი და დროული ქმედებაა და საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის დაუყონებლივ გადადგმისკენ მოუწოდებს.

იუსტიციის სამინისტროს პასუხი

საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეასრულა ზოგიერთი რეკომენდაცია, როგორიცაა პალატების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა, პატიმრებისთვის ტელეფონების დაყენება, და პირობა დადო, რომ იმუშავებს საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც კლინიკის პატიმრებისთვის გასეირნებაზე წვდომას და მათთვის „საჩივრების ყუთების“ დადგმას უზრუნველყოფს. სამინისტრო გვერდს უვლის ანგარიშში გამოთქმულ სხვა წუხილებს, როგორიცაა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეოთვალთვალი, სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი, კლინიკის უსაფრთხოების ზომები ან პატიმართა ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობის სხვა სახელმწიფო უწყებისთვის გადაცემა.

რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ წუხილებს, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა „არაერთხელ თქვა უარი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე“ და „მუდმივად უარს ამბობს გარეთ გასეირნების უფლების გამოყენებაზე“.

სამინისტროს პასუხში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული ყველა პატიმრის სამედიცინო კონფიდენციალურობა „სათანადოდაა დაცული“ და რომ ნებისმიერი განცხადება მედიაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა არასათანადო მოპყრობისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბრალდებების საპასუხოდ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button