რედაქტორის რვეულირვეულები

რვეული მეორე: რას ნიშნავს, იყო (კარგი) ქართველი?

Რას ნიშნავს, იყო ქართველი?

ეს ფრიად უხერხული კითხვაა. როცა ამ შეკითხვის ჩვენი ჟურნალის მეორე გამოშვების საკვანძო თემად ქცევის იდეა დაიბადა, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, განა მეტი არაფერია გასარკვევი ამ გაჭედილ ქალაქში-მეთქი? მართლაც მოცლილი უნდა იყო ადამიანი, ამ უთავბოლო შეკითხვას რომ გამოედევნო.

შემდეგ მორიგ თბილისურ საცობში მოვხვდი და, ძალაუნებურად, საფიქრალადაც მოვიცალე. აი, აქ მომხვდა თვალში მანქანაც, ჩემი ავტობუსის წინ უძრავად რომ ჩამდგარიყო, უკანა მინაზე კი ამაყად ეწერა “ქართველი”. მეტი რა გზა იყო: ამ იძულებითი მოცლის დროს, მართლაც მომიწია ამ კითხვის “გაყოლამ” – პირდაპირი გაგებით. გავიდა რამდენიმე დღე და იგივე მანქანა, ან იქნებ მსგავსი მანქანა იმავე წარწერით, უკვე ბედისწერასავით დამხვდა სახლის სადარბაზოსთან მოყენებული.

ნელ-ნელა კითხვამ თავისი სიცოცხლით დაიწყო ცხოვრება. სოციალურ ქსელებში, ტელევიზორსა თუ სუფრებზე მეტი გულისყურით დაკვირვება მალევე ცხადყოფს, რომ სიტყვა “ქართველს”, უბრალოდ, ალყაში ვყავართ მოქცეული. ალყაში, რომლიდანაც იგი არც სადმე გვიშვებს და არც იმის ახსნით იწუხებს თავს, თუ რატომ არ უნდა გავიქცეთ.

მართლაც, რას ნიშნავს, იყო ქართველი? ალბათ, მსგავს შეკითხვაზე უფრო მარტივად გვიპასუხებდა მავანი ფრანგი ან გერმანელი. Მათ ქვეყნებში ხომ ასეთი კითხვები დიდი ხანია, ისმება: წარსულის დასანანი გამოცდილების ანალიზის მოთხოვნილებამ, იმიგრაციის ტენდენციებმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღზევებამ ეს საკითხი მწვავედ დააყენა ამ საზოგადოებათა დღის წესრიგში. პრესა აჭრელდა სტატიებით “რას ნიშნავს, იყო ფრანგი?” “მაინც რას ნიშნავს, იყო გერმანელი?”

ოღონდ ერთია – თუკი ფრანგმა და გერმანელმა იცის, თუ რა იგულისხმება ამ კითხვაში, საქართველოში “იყო ქართველი” ნიშნავს ყველაფერს და, შესაბამისად, არც არაფერს. 

ოღონდ ერთია – თუკი ფრანგმა და გერმანელმა იცის, თუ რა იგულისხმება ამ კითხვაში, საქართველოში “იყო ქართველი” ნიშნავს ყველაფერს და, შესაბამისად, არც არაფერს. 

რას ნიშნავს, იყო ქართველი? ხშირად, ამ კითხვაზე ხომ სუფრის თავში მდგარი მამაკაცი წარმოგვიდგება თვალწინ, რომელიც ჩვეულ რიტორიკულ რკალს მოხაზავს. ჯერ წარსულს გადასწვდება და სიამაყით დახატავს დიდებული წინაპრის სურათს, გაუხსენებს საგმირო საქმეებს ვინმე წვერულვაშიან ქართველს და წარმოსახვით ფართო მხარბეჭზე ჩოხა-ახალუხსაც მოარგებს. Მერე მომავალშიც გადაინაცვლებს და ისე, რომ ოდნავაც არ შეცვლის რამეს წინაპრის ხატსა და მსგავსში, საჯიშე ქართველს იმ ვაჟკაცურ მხარბეჭზე ქვეყნის ბედს წამოკიდებს. “საჯიშე ქართველი,” დიდი ალბათობით, სწორედ მამრობითი სქესის იქნება: ჩვენს წარმოდგენებში ხომ “ქართველი ქალი” ზოგადი “ქართველისგან” განსხვავებული, ცალკე მოსაყოლი ამბავია ხოლმე.

აწმყოზე რაღას იტყვის ჩვენი თამადა? რას ნიშნავს, იყო ქართველი არა წარსულში, არა მომავალში, არამედ დღეს?

გააჩნია, ვის, როდის და როგორ დავუსვამთ ამ შეკითხვას. ისინი, ვინც მიკროფონთან  დგანან და გონებას “სწორი” პასუხისთვის ძაბავენ, ხშირად ისევ ენას, სარწმუნოებას ან გმირობას დაგისახელებენ ხოლმე. წყნარ და ლამაზ გარემოში თუ ვიკითხავთ, რომანტიკულ გუნებაზე მყოფ თანამოსაუბრეებს შეიძლება ისეთი დადებითი თვისებებიც მოაფიქრდეთ, როგორიც არტისტულობა ანდა გასაჭირში ერთმანეთის გატანაა. თუ ვკითხავთ ვინმე ქვეყნიდან გადახვეწილს, ცხრა მთას იქით საკუთარი თავის პოვნას ამაოდ რომ ცდილობს, იგი დაბნეულად გეტყვით, რომ საზღვარგარეთ “ქართველი” შეიძლება ვერც კი განასხვაონ რომელიმე სხვა, მეზობელი ქვეყნის შვილებისგან. 

ყველაზე მრავალფეროვანი პასუხები კი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანებს ამ კითხვას რთული დღის ბოლოს ვუსვამთ. ამ დროს ხომ “ქართველი” იმას ნიშნავს, რაც მათ იმ წამს აწუხებთ: გადაღლილი მეგობარი გვიპასუხებს, ქართველობამდე ჯერ ადამიანი თუ ვარ, ეგ იკითხეო. სამსახურიდან სახლამდე წვალებით მისული იწუწუნებს, ქართველობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთმანეთზე გადავლაა და მეტი არაფერიო. სიმშვიდისა და დამოუკიდებლობის მაძიებელი კი დაიჩივლებს, “იყო ქართველი” ნიშნავს, მუდამ ოჯახთან ერთად ცხოვრობდე და შენი სივრცე არასოდეს გქონდესო. მოკლედ, ილიას “ბედნიერ ერს” შემადგენელ მამრავლებად დაშლიან და ასე ასო-ასო, თეთრ-წითელ არშიიან ლანგარზე ათლილს მოგვართმევენ ცხარე საწებლით. 

მაგრამ რა ვქნათ, თუკი გვსურს, თანამოსაუბრეებს რამე დადებითიც გამოვტყუოთ? ვსვამთ ახალ კითხვას: რას ნიშნავს, იყო კარგი ქართველი? საერთოდაც, შეიძლება კარგი ქართველი ჩვენი თანამედროვე, ცოცხალი ადამიანი იყოს?

ნეტავ, ვინ არის “კაი ყმა”? კარგი გვარისა და ოჯახისშვილი, ექიმი, კარგი მსმელი და საჭირო შემთხვევაში დამრტყმელი, ცნობილი ფილმის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მითიური “დიმიტრი გელოვანი”? თუ, უბრალოდ, ჩვენი მეზობელი, რომელიც მართლაც გულით იკითხავს, რთული დღის შემდეგ ისევ ადამიანებად თუ დავრჩით?

ნეტავ, ვინ არის “კაი ყმა”? კარგი გვარისა და ოჯახისშვილი, ექიმი, კარგი მსმელი და საჭირო შემთხვევაში დამრტყმელი, ცნობილი ფილმის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მითიური “დიმიტრი გელოვანი”? თუ, უბრალოდ, ჩვენი მეზობელი, რომელიც მართლაც გულით იკითხავს, რთული დღის შემდეგ ისევ ადამიანებად თუ დავრჩით?

არის კი “კარგი ქართველი” აუცილებლად ის წარმატებული ადამიანი, რომელიც ქვეყნის სახელს საქართველოს გარეთ გაიტანს თუ ისიც, ვინც თქვენთან ერთად მიაწვება თოვლში გაჭედილ მანქანას? ან, სულაც, მათ “მიაწვება”, ვინც უსამართლოდ გჩაგრავთ? არის კარგი ქართველი ის, ვინც “ჭკუა იხმარა” და ცხოვრება ჩვენზე უკეთ აიწყო თუ ის, ვინც ჩუმად შრომობს, რათა დილით დახლზე საჭირო სურსათი დაგვხვდეს? არის ქართველობა რაღაცის გაკეთება თუ, პირიქით, რაღაცის არ გაკეთება?

ყველა ამ კითხვაზე კი, პასუხების ნაცვლად, ახალი კითხვები ჩნდება. ერთი ასეთი კითხვა კი ისაა, თუ საერთოდ ვის ვუწოდებთ ქართველს? გამოვარჩევთ მას ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, თუ მოქალაქეობრივით?

შესაბამისად, რა შექმნის ქართველს კარგ ქართველად? უბრალოდ იყოს ის, ვინც არის და არაფერი შეცვალოს საკუთარ თავში, თუ იყოს რიგითი მოქალაქე, რომელიც ქვეყანას თქვენთან ერთად აშენებს – განურჩევლად წარმომავლობისა, რჯულისა თუ იმ ენისა, რომელზეც ოჯახის წევრებს ესაუბრება?

ალბათ, ამ ყველა კითხვას ვერც ჩვენი ჟურნალის მეორე გამოცემა მოერევა და ვერც მთელი ქვეყანა გასცემს პასუხს ორ-სამ დღეში. თუმცა, როგორც პირველ გამოცემაში ვამბობდით, ჩვენი მიზანი კითხვების დასმა უფროა ვიდრე ჭეშმარიტების პოვნა. გონების საკბილოდ კი რვეულებში რამდენიმე სტატიასა და ბლოგს წარმოგიდგენთ, რომელთა სიაც მომავალ დღეებში კიდევ უფრო შეივსება და გამდიდრდება:

  • შეხვედრების რვეულში ამჯერად ბევრისთვის ნაცნობ პროფესორსა და საქართველოს ისტორიისა და პოლიტიკის დიდი ხნის მკვლევარს, სტივენ ჯონსს ვესაუბრეთ. პროფესორი ჯონსი გვიყვება თანამედროვე საქართველოში მწვავედ მდგარ იდეოლოგიურ, მოქალაქეობრივ და ენობრივ გამოწვევებზე.
  • ისტორიის რვეულში პირველ რესპუბლიკაში დავბრუნდებით. ირაკლი ირემაძემ დროში იმოგზაურა და ამჯერად ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოს მოქალაქის დაბადების რთულ პროცესს მიადევნა თვალი.
  • დარდის რვეულში ჩვენივე ჟურნალის რედაქტორი, ჯაბა დევდარიანი ცდილობს, ქვეყნის უკუღმართ რწმენებს უკუღმართივე სატირული (ანაც სატირალი) ბლოგით უპასუხოს. ოღონდ, სანამ წაკითხულის გააზრებაზე დარდობს მთელი ქვეყანა, ცოტას ბლოგის ავტორიც შფოთავს, სატირული ნათქვამი პირდაპირ არ გამიგონო.
  • ფილოსოფოსის რვეულში ფრანგულიდან გითარგმნეთ სტატია “საფრანგეთი: იდენტობა და ცვალებადობა”. ამ მეტად დასაფიქრებელ სტატიაში ნათლად ჩანს, რომ “იდენტობის”, “მეობის” საკითხზე მარტო ქართველები არ ვფიქრობთ და ფრანგებიც ხელის ფათურით ეძებენ თურმე თავიანთ “ფრანგობას”.
  • ჯანდაცვის რვეულში ისევ ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტის, ზურაბ ალხანიშვილის ნაფიქრს წარმოგიდგენთ – იმაზე, თუ როგორ გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვა თავისივე წარმატების მსხვერპლი. ავტორი ცოტას წარსულში ჩაგვახედებს, ცოტასაც – საკუთარ თავებში, რათა ერთად გავიხსენოთ ის, რაც არც არასდროს უნდა დაგვვიწყებოდა.

ჯერ ეს იყოს და დანარჩენ რვეულებს გზაში დაგაწევთ…

მსგავსი/Related

Back to top button