რვეულებიჩანახატების რვეული

დროული კაცის ფიქრები

სატირ(ა)ული დოქტრინა

ახალგაზრდა გოგონას ხმა ჩამესმა ტელევიზორში, ჩვენი ქვეყანა სიმართლის მხარეს უნდა იდგეს, თუნდაც დიდ და ძლიერ მეზობელს ვაწყენინოთო, ამბობდა. გარშემო შემოხვეული ქალ-ვაჟები კვერს უკრავდნენ სიხარულით.

განა მათი ნახვა თვალს არ მიხარებს?! ამ ხნის მოვიყარე და ახალგაზრდული სისხლის ჩქეფის ამბავი არ კი დამვიწყებია. ოღონდაც მტრისას, შვილებო, ეგეთი ხალხი ქვეყნის სათავეში მოვიდეს და რაიმე გადაწყვიტოს.

არა, არა, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და მშვიდობას კი დროული კაცის განსჯა და ცივი გონება.

არა, არა, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და მშვიდობას კი დროული კაცის განსჯა და ცივი გონება.

ჩვენი ბრალიცაა, გავავსეთ წიგნები გმირობისა და სისხლისღვრის დიდებით. თავისუფლება ისე არ მოდისო, განა დაღვრილის – დასაღვრელის მაცნეაო, ყაწიმებიო, შავლეგ…. რა დროს სისხლი და თავის შეწირვაა, შვილო, განა არ გვეყო?! გვეყო.

ჩვენი წარსული და ისტორია მართლა მტერს შეკვდომა რომ ყოფილიყო, განა აქ ვიქნებოდით ახლა?! მეტი არაა ჩემი მტერი.

არა, შვილებო, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ თუ იცოდნენ, რომ მომხდურს ჯერ უნდა შეეწინააღმდეგო, თავი დაიფასო და თუკი თავს ზემოთ ძალა აღარაა, სანამ აღმა მოგხნავდეს დაღმა უნდა დაჰყვე, გაუღიმო, უმასპინძლო, ფიანდაზად გაეფინო და დრო მოიგო.

ჩვენდაგვარი პატარა და ობოლი ქვეყნის ღირსება ისაა, რომ ლამაზია და მიმზიდველი. თვალად და ყურად საამო. რა ურჯუკი მტერი იქნება ისეთი, რომ ვერ დაატკბო და მოიზიდო, ცოტა შენიანად არ გახადო, შენი ზნე არ ასწავლო. გავა დრო, ჩვენი მეშველი დრო, და ვინძლო ისე მოდონდლდეს, რომ ყანწების ტრიალში სულაც ჩვენში გაითქვიფოს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის სადღეგრძელოში ამოხდეს სული.

ვინძლო მტერი ისე მოდონდლდეს, რომ ყანწების ტრიალში სულაც ჩვენში გაითქვიფოს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის სადღეგრძელოში ამოხდეს სული.

ეგაა ჩვენი ნაღდი ძალა და ფარული ფანდი, დღეგრძელობის საწინდარი და მომავლის იმედი.

ვიღაც დამაყვედრის, მტრისაგან გამორჩენის მიღება გწადიაო. დიახაც რომ მწადია! განა იმაში ცუდი რაა, სამტროდ მოსულს შენი სისხლის სმის მაგივრად იქეთ ოქრო დააყაჭინო?! ასე იქნება თუ ისე, ეს ფული ამ მიწას მოხმარდება, თუ მიწას არა და ქართველ კაცსა და ოჯახს გაუმართავს ხელს.

ხეირის მიღება და კარგი ცხოვრება უღირსობა კი არა, ადამიანის ბუნებითი მიდრეკილებაა. თავს აუკრძალავ?! სხვა იხეირებს, სხვა ჯიში და გენი გაიხარებს და შენ კი დარჩები შემოდგომის აზნაურივით ამაყად და უკაპეიკოდ – რაც მთავარია კიდევ, უმომავლოდ.

ამიტომაც გადაძოვილი ბალახივით დაბალი უნდა იყო, მდინარის ჭალასავით ლამაზი და ჭაობივით ბლანტი და ჩამთრევი. ლამაზი ყვავილივით ყელყელაობას თუ დაიწყებ – მოგწყვეტენ. თუ კლდესავით გამაგრდები – დაგფშვნიან. თუ მდინარესავით ხაფად მიაწყდები ნაპირს – ჯებირებში ჩაგსვამენ და სამუშაოდ გამოგიყენებენ.

ამიტომაც გადაძოვილი ბალახივით დაბალი უნდა იყო, მდინარის ჭალასავით ლამაზი და ჭაობივით ბლანტი და ჩამთრევი.

ამიტომ არც საჯილდაოდ სარგებელი უნდა იყო და არც გადასაგდებად უსარგებლო, არც საზიზღარი და არც უტურფესი. იმდენად კი უნდა შეგამჩნიონ, რომ ეს რა კაი ვინმეა, გვერდით ვიყოლიოთო, თქვან, ოღონდ არც იმდენად, რომ ქვეშ მოგიყოლონ.

ესაა ჩვენი წარსულის ნაღდი გაკვეთილი და ამოხსნილი ამოცანა. განა არ ვიცით?! ვიცით ყველამ, გულისგულში ვიცით. მაგრამ ეს ოხერი სიამაყე წამოყოფს ხოლმე ყეყეჩ თავსა და ხან წამახული შუბების ერთი კედლისკენ გაგვაქცუნებს და ხან მეორისკენ. და რისთვის?! ორიოდ პწკარი რომ შემატოს დაღვრილმა სისხლმა ისტორიის წიგნს და ორიოდე რითმა – ლექსების კრებულს, რომელიც უკვე ჩვენს ჯერ არშობილ მოძმეს შეახეთქებს ისეთივე შუბების კედელს, ოღონდ ორმოცდაათი, ასი თუ ათას ორასი წლის შემდეგ.

ოღონდაც ხალხი ბრძენია! მტერს – ყალბი ღიმილი, ზედმეტად ტვინგაცხელებულ ნათესავს – კვანტი, კუჭს ჩალაღაჯი და ტვინს – კახური ჩარექა და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ჩვენი მომავალიც ეგრე იჭედება.

მტერს – ყალბი ღიმილი, ზედმეტად ტვინგაცხელებულ ნათესავს – კვანტი, კუჭს ჩალაღაჯი და ტვინს – კახური ჩარექა და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ჩვენი მომავალიც ეგრე იჭედება.

მცონარობასა და ქეიფშიო, გაიკვირვებთ?! სწორედაც, მეგობარო, სწორედაც – ასრეთ შეგვიცვნია ცხოვრების ცრუ გამოცანა, რომ „დროსტარებაში“ დრო გადის, სხვები მიდიან, ჩვენ კი ვრჩებით.

მსგავსი/Related

Back to top button