რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა 9 ნოემბერს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ის სოფელ კირბალში წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიაში შესვლას ცდილობდა. ეკლესია საოკუპაციო ძალებმა ივნისში დალუქეს. დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი, თამაზ გინტური, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ადგილზევე მოკლეს.

სუს-ის ინფორმაციით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ  შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. 

„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას  თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა სუს-მა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version