skip to content
დაწურულად

შოლცი: დეპორტაციაა საჭირო, უფრო ხშირად და უფრო სწრაფად

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, გაზეთ Der Spiegel-თან ინტერვიუში ხაზგასმით თქვა, რომ საჭიროა, ქვეყანამ  არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია უფრო ხშირი და უფრო სწრაფი გახადოს; მკაცრი დეპორტაციის საფრთხე კი ყველაზე მეტად “უსაფრთხო” ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის ქართველ არალეგალ მიგრანტებს ემუქრებათ.

“[მათ, ვინც ქვეყანაში შემოდიან] ერთმანეთისაგან უფრო მკაფიოდ გავმიჯნავთ. ერთი მხრივ, ჩვენ გვჭირდება, რომ მუშახელი შემოვიდეს. ამასთან, თავშესაფარს ითხოვენ ისინიც, ვინც პოლიტიკური დევნას განიცდიან. […] ადამიანები, რომლებიც ამ ორი ჯგუფიდან არცერთს არ მიეკუთვნებიან, ჩვენთან ვერ დარჩებიან. ამიტომ უნდა შეიზღუდოს არალეგალური მიგრაცია გერმანიაში. ზედმეტად ბევრი ადამიანი შემოდის,” – განაცხადა შოლცმა. 

გამოდის, რომ პიროვნება ან კვალიფიციური მუშახელი უნდა იყოს, ან პოლიტიკური სისტემის მიერ დევნილი, რომ გერმანიამ იგი თავშესაფრით უზრუნველყოს. 

“უსაფრთხო” საქართველო? 

შოლცს არალეგალების რიცხვის შემცირების ერთ-ერთ ბერკეტად ქვეყნის “უსაფრთხოდ” კლასიფიცირება ესახება.

“უსაფრთხო” ქვეყნის მოქალაქეობა ნიშნავს, რომ არ არსებობს მყარი საფუძველი, რის გამოც შეიძლება ადამიანი თავის ქვეყანაში არ ბრუნდებოდეს და თავშესაფარს სხვაგან ითხოვდეს. ასეთებად კი გერმანიას მოლდოვა და საქართველო ესახება.

“ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომ დამაჯერებელი არ იქნება, ჩავთვალოთ, რომ ამ ქვეყნებში ადამიანებს სისტემა ჩაგრავს,” – განმარტავს შოლცი. მისივე თქმით, გაერთიანებამ გარე საზღვრების დაცვაზე უნდა იმუშაოს, მიგრანტები ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა დარეგისტრირდნენ, სადაც პირველად გადაკვეთენ საზღვარს, შემდეგ კი თავად ევროკავშირი გადაანაწილებს მათ. შოლცი ევროპარლამენტს ელოდება, რომელმაც აღნიშნული მექანიზმი მომდევნო თვეებში უნდა დაამტკიცოს. 

მანამდე კი გერმანიამ თავის მეზობელ ქვეყნებთან გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი. კანცლერმა აღნიშნა, “ჩვენ საბოლოოდ უნდა გავასახლოთ ისინი, ვისაც გერმანიაში ცხოვრების უფლება არ აქვთ.” 

როგორ მოახერხებს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა სამუშაო ძალის დეფიციტის პირობებში იმიგრაციის წესების გამკაცრებას, უცნობია, თუმცა ცხადია, თუ როგორ აღიქმება ამ მხრივ საქართველო: თუკი ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვსპრეტენზია, სახელმწიფო სისტემას ვერ მივიჩნევთ სისტემური ძალადობის მანქანად, რომლის გამოც ქართველებს თავშესაფრის ძიება ევროპაში უწევთ.

მსგავსი/Related

Back to top button