გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის, მაგრამ რეფორმები აუცილებელია
რეგიონში ცვლილებებისა და გაურკვევლობის ფონზე, საქართველო ბედისწერის გზაჯვარედინზე იმყოფება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია, ფსონები საკმაოდ მაღალია. საქართველოს ევროპული მომავლის ამ გადამწყვეტ მომენტში „სამოქალაქო საქართველოს“ მიეცა შესაძლებლობა ქვეყნისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, ანა ლიურმანთან ჩაეწერა ინტერვიუ.
სახელმწიფო მინისტრი ანა ლიურმანი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გაძლიერებისა და საჭირო რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, მან დისკუსია გამართა სტუდენტებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) ერთად საოკუპაციო ხაზსაც ეწვია.
სამოქალაქო საქართველო: Frau Staatsministerin, willkommen in Georgien.
ჩემი პირველი შეკითხვა ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეხება. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე კვირა რჩება, სანამ ევროკომისია საბოლოო რეკომენდაციას გააკეთებს ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რა მოლოდინი გაქვთ ამ მხრივ?
სახელმწიფო მინისტრი ანა ლიურმანი: გერმანია საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია და როგორც კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანია ბოლო მომენტამდე პრიორიტეტულ რეფორმებზე იმუშავოს. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როგორც ეს ჯოზეფ ბორელმაც აღნიშნა აქ ვიზიტის დროს. მე ნამდვილად მოვუწოდებ ყველას საქართველოში, მთავრობას, მაგრამ ასევე ოპოზიციას, რეალურად იმუშაონ ამ პრიორიტეტებზე დეკემბრის გადაწყვეტილებამდე.
კითხვა: ცოტა უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისად წაიწია წინ სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტი პირობის განხორციელების საქმეში? და აპირებს თუ არა გერმანიის მთავრობა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას?
პასუხი: როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, მათ შორის გაზაფხულზე გაკეთებულ ზეპირ განახლებებში, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი რეფორმების კუთხით აქ, საქართველოში. ზეპირი განახლების მომენტში, თორმეტი პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი იყო შესრულებული და გერმანიის მთავრობა საკუთარი შეფასებისას კომისიის ანგარიშებში აღწერილ სიტუაციას ეყრდნობა, ვინაიდან კომისია ევროკავშირის ხელშეკრულებების დამცველია. ევროკომისია აკვირდება და აფასებს სიტუაციას. ამიტომ, ჩვენ ველოდებით კომისიის ანგარიშს და ჩვენს გადაწყვეტილებას დეკემბერში ამის საფუძველზე მივიღებთ.
კითხვა: ახლახანს, ფრანკო-გერმანულმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმის შესახებ. არის თუ არა ამ ანგარიშში რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია, რაზეც საქართველოს მთავრობამ და ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს?
პასუხი: დამოუკიდებელ ექსპერტთა ეს დასკვნა ძირითადად მიზნად ისახავდა განხილვის მონაწილეთა ინფორმირებას, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი გაფართოებისთვის. მოგეხსენებათ, კოპენჰაგენის ერთ-ერთი კრიტერიუმია ევროკავშირის შთანთქმის უნარი. თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელზეც ჯგუფმა ნამდვილად გაამახვილა ყურადღება, ეს არის კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობა ევროკავშირის საფუძველია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, მათ შორის მთავრობამ, ოპოზიციამ და ქართულმა საზოგადოებამ ეს მხედველობაში იქონიოს. როდესაც საქართველო რეფორმების გზას ადგას, ევროკავშირი დიდ პრიორიტეტს ანიჭებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში რეფორმები წინ წაიწევს, რაც კომისიას დადებითი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
კითხვა: ამ მოხსენებაში არის ერთი კონკრეტული რეკომენდაცია, რომელსაც ქართულმა მედიამ, და მათ შორის მეც, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ: ეს ეხება კანდიდატი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. მოხსენებაში ნათქვამია: „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოტივით, ქვეყნები, რომელთაც ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტები აქვთ, ვერ შეუერთდებიან ევროკავშირს. იგივე ეხება ქვეყნებს, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ან ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან“. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ ქვეყნების გაწევრიანებისას, რომელთაც სადავო ტერიტორიები აქვთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს პუნქტი, რომ ეს ტერიტორიები ევროკავშირში გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ მოსახლეობას ამის სურვილი აქვს“.
როგორ კითხულობთ ამ რეკომენდაციას? კერძოდ, როგორ განმარტავთ ტერმინს „მოსახლე“, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, კერძოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონტექსტში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით განდევნეს ამ რეგიონებიდან?
პასუხი: ეს იყო დამოუკიდებელი საექსპერტო კომისიის დასკვნა, ამიტომ ის არ წარმოადგენს არც საფრანგეთის და არც გერმანიის მთავრობების შეხედულებებს. გერმანიის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება, როგორც ეს ნატოს ბოლო სამიტზეც აღინიშნა. ასევე, უნდა ვთქვა, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ხურვალეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად პატრულირებაში მიმეღო მონაწილეობა. ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავი იყო იმ კონკრეტული სამუშაოს ნახვა, რასაც გერმანელი პოლიციელებიც აკეთებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ კონფლიქტი არ გაჩაღდება და დარწმუნდნენ, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ასატანი იყოს. და როგორც უკვე ვთქვი, გერმანიაც და ევროკავშირიც კვლავაც უჭერენ მხარს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
კითხვა: ვთქვათ, ასეთი პუნქტი მიიღო ევროკავშირმა და, იმ შემთხვევაში, თუ ის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია გახდება, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს კრემლს, რუსეთის ფედერაციას, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წევრობაზე დე ფაქტო ვეტოს უფლებას მისცემს?
პასუხი: ეს ნამდვილად ჰიპოთეტური კითხვაა. გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრები, როგორც ვთქვი, [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი რჩებიან. ჩვენ განვსაზღვრეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წავიდეს მოცემულ მომენტში: ეს არის ევროკომიის მიერ ჩამოყალიბებული თორმეტი პრიორიტეტის შესრულება. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, და ეს არის ის, რაზეც ყველას მოვუწოდებ, რომ ყურადღება გაამახვილონ და გააკეთონ ამ მომენტში.
კითხვა: უფრო ფართო თემას შევეხოთ, როგორიცაა გერმანიის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში ხშირად ნახსენები zeitenwende. უკრაინის ომმა, შეიძლება ითქვას, თქვენი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პოზიციების კრიტიკული გადაფასება გამოიწვია. ჩემი შეკითხვაა, მოხდა თუ არა ასეთი გადაფასება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით?
პასუხი: ეს კითხვა ისტორიკოსებისთვისაა განკუთვნილი. ჩემთვის მთავარია ახლა მომავლისკენ ვიყუროთ და მომავლისკენ ყურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავალი უზრუნველვყოთ და ეს მომავალი ევროკავშირშია. და კანცლერის ცაიტენვენდეს სიტყვა იმასაც ნიშნავს, რომ გერმანიამ გააძლიერა თავისი პასუხისმგებლობა და ჩართულობა აქ, რეგიონში და ჩვენ ნამდვილად მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის პერსპექტივას.
კითხვა: დიახ. ამრიგად, ჩვენ ახლა არ განვიხილავთ იმას, თუ რა შეიძლებოდა განსხვავებულად გაკეთებულიყო, არამედ მეტწილად მომავალზე ვამახვილებთ ყურადღებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ, მაგალითად, იგივე გამოწვევები აღარ განმეორდეს. მინდა გკითხოთ, რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ამ კრიტიკულ პერიოდში?
პასუხი: ეს ძალიან ამაღელვებელი პერიოდია, რადგანაც ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს მომავლისთვის, ასევე ევროკავშირის მომავლისთვის. მე ვემხრობი, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და გადავიდეს საჭირო რეფორმების გზაზე. ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობამაც რეალურად აჩვენა, რომ ეს არის ის, რაც მათ სურთ. მე პირველად ვარ საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველგან ვგრძნობ ევროპულ სულს.
ამრიგად, ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს ეკუთვნის. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს, როდესაც საქმე ეხება პარლამენტის მიერ მიღებულ რეფორმებსა და კანონებს და მთავრობის, ასევე მთელი საზოგადოების პოზიციას, რადგან, როგორც ანალენა ბერბოკმა, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა, ჩვენ ევროკავშირში მთავრობებს არ ვიღებთ, ჩვენ ევროკავშირში ქვეყნებს ვიღებთ.
ამრიგად, ქვეყნებს ყველა ინსტიტუტით, ოპოზიციით, მთავრობით. და, ამიტომ, მთელი საზოგადოება ერთად უნდა დადგეს და იმუშავოს ამ პერსპექტივაზე, ასევე იპოვოს კომპრომისის, ერთობლივი მუშაობის, განსხვავებებული მოსაზრებების გადალახვის გზა. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ევროკავშირის ეს ვალდებულება და პერსპექტივა არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის კუთვნილება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს არჩევნების შემდეგ და შემდეგ ისევ შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების მყარი ერთგულება ამ პერსპექტივის მიმართ.
კითხვა: დიახ, და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პერსპექტივისადმი ერთგულება უკვე აისახება ქართული საზოგადოების ქმედებებში და გამოკითხვებიც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა ევროპული მომავლის მომხრეა.
პასუხი: და მე ძალიან მიხარია ამის მოსმენა!
სამოქალაქო საქართველო: ქალბატონო სახელმწიფო მინისტრო, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)