ახალი ამბები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სწავლებაში მონაწილე 22 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ და საერთაშორისო წვრთნებისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ “სამოქალაქო საქართველოს” უთხრა, რომ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 წინა სწავლებებისგან შედარებით განსხვავებული, გამორჩეული და მასშტაბურია. საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს.

ამავე ინფორმაციით, წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის პირველად იღებს მონაწილეობას იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია. ხოლო მონაწილე ორგანიზაციებია: მრავალეროვნული დივიზია – სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO).

წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი – დასავლეთი ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

როგორც აშშ-ის თავდაცვის ძალების ვიზუალური ინფორმაციის გავრცელების სამსახური (DVIDS) იტყობინება, წლევანდელ სწავლებაში, დაახლოებით, 1 200 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს შეერთებული შტატებიდან.

DVIDS-ის ინფორმაციით, „ბრიგადის დონის სწავლების ფარგლებში ჩატარდება საველე წვრთნა და საბრძოლო სროლის დემონსტრირება, ასევე რეაგირების სხვადასხვა სცენარები, რომელთა მიზანიც რეალისტური საბრძოლო მომზადების გარემოს სიმულირებაა“. აშშ-ის მხრიდან წვრთნებში მონაწილეობენ 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, 48-ე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო შენაერთი, 54-ე უსაფრთხოების ძალების დამხმარე ბრიგადა, 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი და ევროპაში აშშ-ს სპეციალური ძალების სარდლობა.

მრავალეროვნული სწავლება 13 სექტემბერს დასრულდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button