ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს სტუმრობს
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ირენ ფელინი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თბილისის ქალთა მეორე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც ჩაერთო პანელურ დისკუსიაში და ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა „განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების პრიორიტეტები, დღემდე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა“.
სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობა შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი თემა იყო. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირენ ფელინს მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები გამორჩეულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ, ამავე დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი როლი კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში, რისი მხარდაჭერაც ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტად გვაქვს გაცხადებული,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, გაიმართა ირენ ფელინისა და თეა ახვლედიანის ერთობლივი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მოქმედი ორი პლატფორმის – ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მაღალი რანგის სტუმართან და სახელმწიფო მინისტრთან ერთად განეხილათ მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები. მათ ასევე წარადგინეს თავიანთი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუზიარეს თავიანთი ხედვა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირენ ფელინი თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზსაც ეწვია. „ნატო-ს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე“.
ნატოს წარმომადგენელი ასევე შეხვდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატო-სთან ურთიერთობას შეეხო. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მიღების საკითხს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ „შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, საპარლამენტო ზედამხედველობის აუცილებლობაზე და ყველა იმ გამოწვევის იდენტიფიცირებაზე, რომელიც ამ მიმართულებებით არსებობს, ასევე დევნილი ქალების იმ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია“.
ირენ ფელინმა, ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო.
ღონისძიებაზე კომენტირებისას, სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოხარული იყო, რომ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის; მან დასძინა: „მქონდა შესაძლებლობა ამეხსნა, თუ რას აკეთებს ნატო პროექტის – „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წერიგის წარმატებით განხორციელებისთვის. ასევე ალიანსის შიგნით და პარტნიორებთან თანამშრომლობით ქალების უსაფრთხოებისთვის“. მან ხაზგასმით აღნიშნა: „საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგთან მიმართებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)