ახალი ამბები

ქალთა უფლებების დამცველები ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომას ითხოვენ

ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები “ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციების მიერ 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას“.

„მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა; ამასთან, მან ხმა მისცა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს, ასევე „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციას”, რომელიც „გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან“. ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა.

განცხადების საპასუხოდ ნინო წილოსანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა, რიგი არასამთავრობოები მომიწოდებენ გენდერული თანასწორობის საბჭო დავტოვო :)) ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომედნაცია, რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button