ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 15 ივნისს „გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და სიცოცხლის უფლებისა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.   

სასამართლოში განაცხადი მსხვერპლის ქალიშვილმა შეიტანა, რომლის დედამაც 16-ჯერ შეატყობინა პოლიციას მისი პარტნიორის ძალადობრივი ქცევის შესახებ, რასაც სამართალდამცავების სათანადო რეაგირება არ მოყოლია. მოგვიანებით, ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ დაიცვა იგი ოჯახში ძალადობისგან და არ ჩაატარა საფუძვლიანი გამოძიება.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ოჯახში ძალადობის შესახებ ბრალდებები, უზრუნველყოს მტკიცებულებები და ეფექტური დაცვა. „სახელმწიფოს უუნარობა დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან არღვევს კანონის წინაშე მათი თანაბარი დაცვის უფლებას“, – განაცხადა სასამართლომ. მან ასევე აღნიშნა გამოძიების ხარვეზები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების დაუდევრობა, თვითმკვლელობის სიკვდილის მიზეზად აღიარება საფუძვლიანი გამოძიების გარეშე და ოჯახში ძალადობის წინა ინციდენტებზე არაადეკვატური რეაგირება.

გარდა ამისა, სასამართლომ გააკრიტიკა მოძალადის გასამართლება ოჯახში ძალადობის მხოლოდ ერთი შემთხვევისთვის, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული ძალადობის ტენდენცია, რასაც მსხვერპლის სიკვდილი მოყვა.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მომჩივნისთვის 20 000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე 12 600 ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად.

ასევე წაიკითხეთ:

16/05/2023 – სტრასბურგმა ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button