აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიამ და რადიომ 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა.

მედიასთან ინტერვიუში კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ თავდასხმის მიზეზი მისი არასტანდარტული გარეგნობა გახდა.

„დღეს დილის გადაცემა დასრულდა თუ არა, დაცვამ შემატყობინა, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა. გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი… გავედი და თმებზე ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს, ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. სავარაუდოდ, ჩემს ფიზიკურ მონაცემებთან, ან ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა“, – განაცხადა ფარტენაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თავდასხმის ფაქტის „სწრაფად და ეფექტიანად“ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, „სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს“ თავდასხმის ფაქტი. „ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. „ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ“.

შენიშვნა: მასალა განახლდა 15 ივნისს და მასში ქარტიის განცხადება აისახა.

 ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version