ანალიზი

ამიხსენი | ნაფიც მსაჯულთა კომპეტენცია

რა მოხდა?

„7-8 მარტის აქციების” საქმეებზე ბრალდებულების, ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად, მათი მხარდამჭერები ითხოვენ საქმეები ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.

შესაძლებელია თუ არა, რომ „7-8 მარტის აქციების” საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ?

ამ ეტაპზე „მარტის აქციებზე“ ბრალდებულების საქმის განხილვა არ არის შესაძლებელი ნაფიც მსაჯულთა მიერ.

რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტი რომლის   მეშვეობითაც საზოგადოება თავად ერთვება მართლმსაჯულებაში. მას ბევრი მხარდამჭერი და ასევე მოწინააღმდეგეც ყავს. ამ ინსტიტუტის მხარდამჭერები მიიჩნევენ რომ ის სახელმწიფო ძალაუფლებისგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარი გარანტიაა. მოწინააღმდეგეები კი მიუთითებენ მსაჯულთა არაპროფესიონალიზმზე, ნელ და მოუქნელ პროცესზე, ასევე იმაზე რომ ის სახელმწიფოს ძვირი უჯდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში

საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, თუმცა პირველად 1919 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო კანონი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების“  შესახებ, რაც საბჭოთა პერიოდში შეიცვალა „სახალხო მსაჯულებით“ რომლებიც ფორმალურად ნაფიც მსაჯულის ფუნქციას ასრულებდნენ.

დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები მოქმედებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში.

რა საქმეებს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ   შემდეგ საქმეებს განიხილავს:  განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალადობა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, არასრულწლოვნით ვაჭრობა და ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.

საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მიერ შეიძლება მოითხოვოს ბრალდებულმა/დაცვის მხარემ, საქმის განხილვის წინა სასამართლო ეტაპზე.

ნაფიც მსაჯულთა სია

თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით. ჩვეულებისამებრ, საქმის განხილვისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული.

ვინ შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯული?

  • საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს გადაცილებული პირი.
  • იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; 
  • ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
  •  შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

რა არის ვერდიქტი?

ვერდიქტი არის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის შესახებ. შესაბამისად, ვერდიქტი შეიძლება იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.

რატომ ვერ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

მარტის აქციების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას. აღნიშნული მუხლებისთვის ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა წესით საქმის განხილვას.

რა შემთხვევაში შეძლებს სასამართლო მარტის აქციის საქმეების განხილვას ნაფიც მსაჯულთა წესით?

მარტის აქციების საქმეებს სასამართლო ვერ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა წესით თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლში არ გაფართოვდება იმ დანაშაულთა ჩამონათვალი რომელზეც შესაძლებელია აღნიშნული წესით საქმის განხილვა. გაფართოება კი შესაძლებელია  საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ სსსკ-ში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტისათვის წარდგენით.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა იაგო ხვიჩიამ ამა წლის 11 აპრილს პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა ინიციატივა 226-ე მუხლით გათვალისწინებული  დანაშაულთა ჩამონათვალის გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებ სსსკ-ს 353-ე მუხლის დამატებას ჩამონათვალზე. თუმცა საკომიტეტო განხილვები დღემდე არ დაწყებულა.

რატომ ისმის მოწოდებები, რომ სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ?

IRI-ის უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა რომ საზოგადოების 46% არ ენდობა სასამართლოს, 16%-მა კი არ იცის ან არ უპასუხა კითხვას. სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის ფონზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვა ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ პროცესის სანდოობას ზრდის და ის ასევე, ხელისუფლების სასამართლოზე გავლენის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ბრალდებულების საქმის განხილვაზე საზოგადოების ჩართულობას შეუძლია გაანეიტრალოს განცდა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები  ბრალდებულის წინააღმდეგაა მიმართული და მას არ აქვს შანსი შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით თანაბარ პირობებში დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის მიზნებისათვის, სხვა დანარჩენთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი წევრების დანიშვნის მეთოდები და მათი უფლებამოსილების ვადა, გარე წნეხის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების არსებობა და საკითხი თუ რამდენად დამოუკიდებელი ჩანს სასამართლო. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს ქართული სასამართლო სისტემისთვის დამოუკიდებლობის სტანდარტი პრობლემურია.

მასალა მოამზადა ნანა ჭანტურიამ (Civil.ge)

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button