აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს აეროპორტებში კომპანიების დასანქცირებას არ გამორიცხავს

11 მაისის ბრიფინგზე რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების განახლებასა და ვიზების გაუქმებაზე, ასევე საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო არიდებაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა დასანქცირების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი ხორციელდება“.

მისივე თქმით, ახლა, როდესაც მთელი დასავლური საზოგადოება რუსულ რეჟიმს გაემიჯნა, არ არის დრო არცერთი ქვეყნისთვის, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართველ ხალხს, ალბათ, ურჩევნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20%-ით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება იხილოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მარტში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას არასახარბიელო შედეგი მოჰყვებოდა. იგივე გუშინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც თქვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version