განახლება:„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს

9 მაისს სამხედრო ექსპერტი, ბლოგერი და „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტი უჩა აბაშიძე პოლიციამ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავა მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციელებმა ბინაში შესვლის უფლება არავის მისცეს, მათ შორის არც უჩა აბაშიძის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს.

უჩა აბაშიძის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი. ჩხრეკა ადვოკატის გარეშე ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ადვოკატს აბაშიძესთან საუბრის უფლება მხოლოდ რამდენიმე წუთით მისცეს მისი დაკავების შემდეგ. სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ ტექნიკური აღჭურვილობით, სავარაუდოდ კომპიუტერებით სავსე ჩანთები გამოიტანა.

აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ აბაშიძე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს აბაშიძის მეგობრის სახლში. აქციის მონაწილეები უჩა აბაშიძის სახლთან ტელევიზიით ჩხრეკის გამოცხადებიდან მალევე შეიკრიბნენ. ისინი უჩას სახელს სკანდირებდნენ და პოლიციელებს მოუწოდებდნენ, არ დამორჩილებოდნენ უკანონო ბრძანებებს.

11 მაისს უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილიც დააკავეს.

იმავე დღეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გამოძიება უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კუპატაძის თქმით, მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, 9 მაისს უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის სახლები გაჩხრიკეს.

შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უჩა აბაშიძემ, მარიამ იაშვილთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. აღნიშნულის მიზნით, როგორც შსს აღნიშნავს, იაშვილის სახლი „აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას“. შსს-თქმით, აბაშიძემ და იაშვილმა „უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია“. „სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები“, – აცხადებს შსს.

რაც შეეხება უჩა აბაშიძეს, შსს აცხადებს, რომ მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღო „ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა“.

იმავდროულად, აბაშიძის სახლის ჩხრეკის მეთოდმა მტკიცებულებების განზრახ ჩადების შესახებ შიში გააჩინა. ადვოკატი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ შსს-ს მიერ ნაჩვენები იარაღის უმეტესობა რეალურად არის ეარსოფტის იარაღი, ასევე ლეგალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. მსგავსი განცხადება მანამდე აბაშიძის ძმამაც გააკეთა. ეს ეჭვქვეშ აყენებს მეორე ბრალდებასაც, რომელიც ახლა აბაშიძეს და მის მეუღლეს წაუყენეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version