skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 22 აპრილი

გაზაფხულის 17 გაელვება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოცზე მეტ მეტ რუს დიპლომატს მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა და მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალური ბერლინი თვლის, რომ რუსი დიპლომატების ზედმეტად დიდი ნაწილი სადაზვერვო და ძირგამომთხრელი საქმიანობით იყო დაკავებული, ამიტომ, მათ გერმანიაში არაფერი ესაქმებოდათ. გერმანული მხარის მიერ რუსი დიპლომატების მასიურ გამოძევებას „სარკისებურად“ უპასუხა მოსკოვმაც და 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს რუსეთის დატოვება მოსთხოვა. გერმანიაში ამბობენ, რომ რუსი მზვერავების ასეთი მოზღვავება ცივი ომის პერიოდშიც არ ყოფილა. მოკლედ, ძალზე შეზღუდული ორმხრივი თანამშრომლობის ფონზე, გერმანიისა და რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც მაქსიმალურად შეკვეცილი ძალებით მოუწევთ როგორც დიპლომატიური, ისე სადაზვერვო საქმიანობის გაგრძელება.


წარსულის ფეხის ქირა

გასულ კვირას, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ვარშავის გეტოს აჯანყების 80 წლისთავზე, პოლონეთს ეწვია, სადაც მან ნაცისტების მიერ ჩადენილი სისასტიკეებისა და არაადამიანობებისთვის ბოდიში ითხოვა. ოფიციალურ ვარშავას იარების მოშუშება უჭირს, ბერლინის ბოდიში ეცოტავება და გერმანიისგან რეპარაციებს ითხოვს. პოლონეთის მმართველი პარტია ომის დროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, გერმანიისგან 3.1 ტრილიონ ევროს ითხოვს, რაზეც შტაინმაიერიცა და დანარჩენი ოფიციალური ბერლინიც უარზე არიან. გერმანიის პრეზიდეტნის პოლონური ვიზიტი იმანაც დაჩრდილა, რომ პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა მას საგულდაგულოდ მომზადებული ომით მიმდგარი დაზიანებების ნუსხა-ანგარიში გადასცა და ერთმნიშვნელოვნად მიანიშნა – აქ ყველაფერია აღწერილი და არ გეგონოთ რაიმე ზედმეტს ვითხოვთო. გერმანიის მიმართ პოლონეთის ამ ძალზე წინააღმდეგობრივ მოთხოვნას და მოთხოვნის უხეშ ფორმებს პოლონეთში მხარდამჭერების გარდა, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ წარსულის იარებმა დრევანდელი ურთიერთობები და მეგობრობა არ უნდა დააზიანოს.


ჩეხეთი და რუსული გაზი         

რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავისუფლდება ჩეხეთი, რომელმაც 2023 წლის პირველ კვარტალში ბუნებრივი აირი მხოლოდ ნორვეგიიდან მიიღო, გათხევადებული გაზის დამატებითი ნაკადები კი, ქვეყანაში საზღვაო გზით – ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით, გერმანიიდან შევიდა. ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო სიამაყით ამბობს, რომ წლეულს ქვეყანამ ჯამში 1.71 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიიღო და აქედან არც ერთი კუბური მეტრი არ იყო რუსული. ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩეხეთი რუსულ გაზს მოიხმარდა, რომელიც ქვეყანაში სლოვაკეთის გავლით შედიოდა.  


ლატვიური გული და სული

კვირის მიწურულს, გერმანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტაინზე“ გამართული შეხვედრით შეგულიანებულმა, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თამამად თქვა, რომ არსენალში არსებულ “Stinger”-ის ტიპის ყველა გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს უკრაინას გადასცემს. მართალია ლატვიის თავდაცვის მინისტრს, ინარა მურნიეცეს არ დაუკონკრეტებია “Stinger”-ების რაოდენობა, მაგრამ თავისთავად ამ განცხადების სულისკვეთება “Stinger”-ის რაკეტასავით მიზანმიმართული და შეუპოვარი იყო. ლატვია, რომელმაც  “Stinger”-ების პირველი პარტია კიივს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადასცა, დარწმუნებულია, რომ ეს იარაღი უკრაინას საკუთარი ცის დაცვაში დაეხმარება. ლატვიას, უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების დიდ ნაწილს ევროკავშირის მშვიდობის ფონდი აუნაზღაურებს, რომლითაც ქვეყანა ალბათ ისევ ახალ შეიარაღებას შეიძენს, მაგრამ ეს ამ დახმარების მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. ისე პატარა ლატვიამ ომის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინას უკვე აღმოუჩინა 334 მლნ. ევროს ოდენობის დახმარება, რაც ლატვიის მშპ-ის დაახლოებით 1%-ია.


ბულგარეთის მღვრიე წყალი

სოფიაში რუსეთის პირობაზეც კი თავნება და თავხედი ელჩი, ელიონორა მიტროფანოვა ბულგარეთის შიდა საქმეებში უკვე ღიად ჩარევას ცდილობს და ბულგარელი ამომრჩევლებისგან პრო-რუსული პარტიის მხარდაჭერას ითხოვს. რუსეთის ელჩს რუსული ძალების მიმართ საკუთარი „კეთილგანწყობა“ ვერ მოუზომავს და ინტერვიუში პირდაპირ უთქვამს – მე რომ ბულგარეთის მოქალაქე ვიყო ჩემს ხმას „ვოზროჟდენიეს“ და მის ლიდერს კოსტადინ კოსტადინოვს მივცემდიო. პატივცემული კოსტადინოვი და მისი „ვოზროჟდენიე“ კი, ბულგარეთში რადიკალურ, პრო-რუსულ პოლიტიკურად ძალად არის მიჩნეული, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მყარ მესამე ადგილზე გავიდა.  კორუფციული სკანდალებით დაღლილ ბულგარელებს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხუთჯერ მოუწიათ არჩევნებზე ხმის მიცემა და ეხლაც მდგრადი კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინში არიან. პოლიტიკური არასტაბილურობა ბულგარეთის ევროზონაში შესვლის შანსებსა და ევროკავშირის დიდ დახმარებას მიღების შესაძლებლობას ძირს გამოუთხრის, რაც ბულგარეთის რუსულ სენტიმენტებსა და რუსეთის ელჩის ძირგამომთხრელ ძალისხმევას მხოლოდ გააძლიერებს.   


ესპანური არმადის ამერიკული ხომალდები

აშშ-ს ხარჯზე, საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ზრუნავს ესპანეთის სამეფოც, რომელიც უახლოეს მომავალში აპირებს ორი ახალი გამანადგურებელი კლასის ამერიკული საზღვაო გემი განათავსოს საკუთარი სამხრეთ სანაპიროს როტას საზღვაო ბაზაზე. ესპანეთის როტას ბაზა უკვე რა ხანია მასპინძლობს ოთხ ამერიკულ საბრძოლო ხომალდს, რომელთაც ესპანური სახელმწიფო კომპანია ემსახურება. ოფიციალური მადრიდი ცდილობს, რომ ამერიკული ხომალდები რაც შეიძლება მალე ჩადგნენ ესპანურ წყლებში და ეს ყველაფერი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტამდე მოესწროს. მაისში ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი აშშ-ში გამზავრებას აპირებს, სადაც ის ჯო ბაიდენს შეხვდება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას განიხილავს. ესპანურ-ამერიკული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაც იქნება. მშვიდ და მოზომილ ესპანეთს ევროპაში ნატო-ს სამხრეთ ფლანგი აბარია, თუმცა ესპანური არმადიდან რა ხანია ბევრი აღარაფერი დარჩა, ამიტომ, აქაც აშშ-ს უწევს ძირითადი სამხედრო ტვირთის თავის თავზე აღება.  

მსგავსი/Related

Back to top button