skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მომბე: 18 აპრილი

უკრაინა იბრძვის

სააღდგომო დღეებში, უკრანის ფრონტზე ქვემეხებისა თუ რეაქტიული ზალპური არტილერიის მომაკვდინებელი გრუხუნი არ დადუმებულა. მძიმე, გამთანგველი ბრძოლები სააღდგომო დღეებშიც გაგრძელდა. უნდა ითქვას, რომ სულ უფრო რთული ხდება პატარა ქალაქ ბახმუტის შენარჩუნება, სადაც უკრაინელები მხოლოდ ქალაქის დასავლეთ რაიონებშიღა არიან გამაგრებული. აღდგომის დღესასწაული ფრონტის გუშაგებს ერთი იმაში წაადგათ, რომ სააღდგომო ტყვეების გაცვლის ფარგლებში, უკრაინაში 130 მებრძოლი დაბრუნდა. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისმაც დაადასტურა და სააღდგომოდ, ტყვედჩავარდნილი უკრაინელების სახლებში დაბრუნებას გულითადად მიესალმა. განსხვავებულად შეხვდა ტყვეების გაცვლას რუსული მხარე –  ჯერ ერთიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს გამოთავისუფლებული რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობაზე. ალბათ იმიტომ, რომ ეს გაცვლა – ჭორებს თუ დავუჯერებთ – პუტინის სისხლიანმა “პოვარმა”, სისხლიანი დაჯგუფება “ვაგნერის” თავკაცმა პრიგოჟინმა ძირითადად თავისი კაცისმკვლელებისთვის მოაწყო. მეორეც – ცნობილი გახდა, რომ ტყვეების სააღდგომო გაცვლის ფარგლებში, ჩეჩნეთში დაბრუნებული ხუთი მებრძოლი, ჩეჩნეთის თავკაცმა, რამზან კადიროვმა უკან ფრონტზე გააბრუნა. კადიროვმა მათ შორიდან შეუთვალა – ხელახლა დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას არ გაქცევიხართო. არადა გაირკვა, რომ ჩეჩენ მებრძოლებს დანებებამდე ტყვია-წამლის მარაგი ამოწურვიათ და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ტყვედ ჩაბარება გადაუწყვიტავთ. მოკლედ, საბჭოთა დროიდან მოყოლებული რუსეთს ტყვეების დახვედრის „თავისებური“ ტრადიცია გამოარჩევს, რასაც კადიროვი სათუთად უფრთხილდება.

საპენსიო ასაკის ფრანგული ჩივილები

საფრნაგეთის კონსტიტუციურმა საბჭომ ემანუელ მაკრონის ფრიად არაპოპულარული საპენსიო რეფორმა უკანონოდ არ სცნო, რის შემდეგაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა საპენსიო რეფორმას ბეჭედიც დაასვა და ის კანონად აქცია. შეგახსენებთ, რომ მაკრონის საპენსიო რეფორმის მიხედვით საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე გაიზარდა, რაც დიდი უკმაყოფილებისა და მღელვარების მიზეზი გახდა. საფრანგეთის მთავარმა საკონსტიტუციო ორგანომ, მართალია საპენსიო რეფორმის ზოგიერთი პუნქტი დაიწუნა და უარყო, თუმცა, რეფორმის ძირითადი დებულებები, ასაკის გაზრდის ჩათვლით, მოიწონა და დაამტკიცა. მაკრონის საპენსიო რეფორმა სექტემბრიდან ამოქმედდება. პროფკავშირები არ ისვენებენ და ამბობენ, რომ დემონსტრაციები მომავალშიც გაგრძელდება. მორიგი მსხვილი შეკრებილობა მშრომელთა საერთაშორისო დღეს – 1 მაისს დაიგეგმა. ძალზე ხმაურიანი საპენსიო რეფორმის დამტკიცებისა და ხელმოწერის ფონზე, ორშაბათს ემანუელ მაკრონმა ტელევიზიით ფრანგ ხალხს მიმართა და საპენსიო რეფორმა დაიცვა, მერე კი მეხუთე რესპუბლიკის მეორე საოცნება თემასაც შეეხო და გარე ძალების გავლენისგან თავისუფალ საფრანგეთზე ისაუბრა. მაღალი ალბათობით, გარე ძალებში, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური აშშ-ს გულისხმობდა. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ჩინეთიდან უკან მომავალმა მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპის სტრატეგიულ დამოუკიდებლობაზე გული გადაუშალა და უთხრა, რომ მათ შორის ტაივანის თემაზეც ევროპა არ უნდა იყოს აშშ-ს ინტერესების ბრმა მიმდევარიო.

მშვიდობით ატომო, სალამი ატომო!

გერმანიამ „რუსული ზამთარი“ დანაკარგების გარეშე გადააგორა და გამოგაზაფხულებასთან ერთად, საბოლოოდ გამოემშვიდობა ატომური ენერგიის წარმოებას. 16 აპრილს, გერმანიაში მუშაობა შეაჩერა ბავარიაში, ბადენ-ვიუტემბერგსა და ქვედა საქსონიაში შემორჩენილმა ბოლო სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა. ატომური ენერგეტიკის სარგებლობასა და მავნებლობაზე გერმანული დისკუსია უკვე რა ხანია მიდის და ბერლინმა ჯერ კიდევ ანგელა მერკელის ზეობისას მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ატომურ ენერგეტიკაზე, რაც – მცირე დაგვიანებით – შეასრულა კიდეც. 2011 წელს, იაპონიაში “ფუკუსიმა – 1”-ზე მომხდარმა კატასტროფამ გერმანიის ხალხიც და მთავრობაც დაარწმუნა, რომ მშვიდობიანი ატომის სიკეთეები თანმხლებ რისკებად არ უღირდათ. 60 წლოვან გერმანულ ატომურ ენერგეტიკას თავის მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც, ამიტომ ბოლო ატომური სადგურების დახურვა, როგორც საპროტესტო, ისე საზეიმო დემონსტრაციების მიზეზი შეიქნა. ამასობაში, სხვაგვარი გათვლები აქვთ ფინელებს, რომლებმაც სწორედ იმავე დღეებში ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ააგუგუნეს და რუსული ენერგომატარებლებისაგან კიდევ უფრო დაიზღვიეს თავი.

შექანებული შოტლანდიური გვირგვინი

შოტლანდიის დამოუკიდებლობას მოცდა მოუწევს. შოტლანდიის ეროვნულ პარტიას, რომელიც რა ხანია გაერთიანებული სამეფოს ერთიანობას უთხრის ძირს, თავად შეერყა პოლიტიკური და ფინანსური საძირკველი. ცოტა ხნის წინ გადამდგარ შოტლანდიის პირველ მინისტრს, ქალბატონ ნიკოლა სტარჯონს შესაძლოა შოტლანდიის პარლამენტში – ჰოლირუდში თავისი ადგილის დატოვებაც მოუწიოს, რასაც მისი თანაპარტიელები უკვე ღიად ითხოვენ. პარტიის ფინანსურ დარღვევებში ეჭვმიტანილი სტარჯონის მეუღლე, პიტერ მიურელი ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს. ეხლა კი გაირკვა, რომ პარტიის ხაზინა საშინელ დღეშია. შოტლანდიის ეროვნული პარტიის მესვეურები ამბობენ, რომ პარტია 30 ათასმა წევრმა დატოვა, შემცირდა დონორების რაოდენობაც და მნიშვნელოვნად გაზრდილია გამოძიებასთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯებიც, რამაც პარტია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ თანხები მალე არ გამოინახა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა კიარა, ემანდ პარტიას საკუთარი კუდის კვნეტა მოუწიოს. ახალ თავკაცსა და შოტლანდიის პირველ მინისტრს, ჰუმზა იუსაფს რთული მემკვიდრეობა ერგო – პარტია მისგან წინამორბედთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შოტლანდიის ეროვნული პარტიის გადარჩენას ითხოვს, თანაც იმასაც თხოვს პაკისტანური წარმოშობის იუსაფს, თავისუფალი შოტლანდიის ცეცხლიც არ გაანელოო.

მსგავსი/Related

Back to top button