skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 12 აპრილი

ნატო-ს ახალი ციხესიმაგრე შავ ზღვაზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრით შეფუცხუნებული რუმინეთი აშშ-სგან ბოლო თაობის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას აპირებს, რამაც მისი საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები სერიოზულად უნდა გააძლიეროს. F-35-ების შეძენის შესახებ ინფორმაცია რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა, თუმცა არ დააკონკრეტა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების შეძენის დრო და რაოდენობა. ნატო-სა და ევროკავშირის ერთ დროს შედარებით მაჩანჩალა წევრი – რუმინეთი, რომელსაც უკრაინასთან 650 კილომეტრიანი საზიარო საზღვარი აქვს, საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუმინეთის საჰაერო თავდაცვის ხარვეზები ნათლად გამოჩნდა და თავად ბუქარესტიც შეაშფოთა და მისი ნატოელი მოკავშირეებიც. შედეგად თავდაცვის ხარჯები, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს შეადგენდა ბუქარესტმა 2.5%-მდე გაზარდა. რუმინეთშივე განთავსდა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები და ნატო-ს სამხედრო შენაერთი. თავდაცვის სამინისტრო ამერიკული ტანკების შეძენასაც გეგმავს. ისეთი პირი უჩანს საქმეს, რუმინეთმა შესაძლოა ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფორპოსტის როლი მოირგოს და შავი ზღვის რეგიონში უფრო წონადი მოთამაშე გახდეს.

სლოვაკური სირცხვილი

ამასობაში სირცხვილი ჭამა სლოვაკეთმა. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული მიგ-29-ები გაუმართავი აღმოჩნდა და როგორც ამობებენ, ეს საბჭოთა ავიაგამანადგურებლები საბრძოლო მისიების შესასრულებლად არ გამოდგებიან. როგორც გაირკვა, თურმე რუს ტექნიკოსებს, რომლებიც 2022 წლამდე სლოვაკეთის საავიაციო ბაზაზე ყოფილან დასაქმებული და სლოვაკებს საბჭოთა წარმოების მიგ-29-ების შეკეთებაში ეხმარებოდნენ, ეს სამხედრო თვითმფრინავები მზაკვრულად ისეთი ნაწილებით შეუკეთებიათ, რომ საბრძოლოდ გამოუსადეგარი გაუხდიათ. ეს ინფორმაცია სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა და რუსი ტექნიკოსების მზაკვრობას საბოტაჟი უწოდა. ამ სამარცხვინო სამხედრო ჩავარდნას სლოვაკური პოლიცია იძიებს. ჯერჯერობით არაა ცნობილი უკრაინისთვის გადაცემული რამდენი თვითმფრინავია გამოუსადეგარი ან რამდენად შესაძლებელია მათი საბრძოლო მწყობრში ჩაყენება. ერთი კი ცხადია, რომ რუსები ახლოს არ მიიშვებიან სამხედრო ან/და უსაფრთხოების სფეროებთან.

მოხუცი და ზღვა

ირლანდიელი წინაპრების შთამომავალი, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ნაკლებად გაერთიანებულ მხარეს – ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვია, სადაც აგერ უკვე ერთი წელია პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. მეფის გვირგვინისადმი ლოიალურად განწყობილი იუნიონისტები ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივ პარლამენტს – სტორმონტს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. არადა, ადგილობრივი საზიარო ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირება დიდი პარასკევის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკური უთანხმოებისა და დაპირისპირების მთავარი წყარო ბრექსიტის პირობები გახდა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ოქმით გაიწერა. ამ ოქმით ბელფასტს დანარჩენი სამეფოსგან განსხვავებული სავაჭრო პირობებით სარგებლობა უწევს. ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიურ პარტიებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და მათ ლონდონის პირობებზე დათანხმება ურჩია. ბელფასტის შემდეგ, ბაიდენი ირლანდიის რესპუბლიკას ეწვევა და თავის გარე ბიძაშვილებსა და დიდი ბაბუის ბაბუის სახლ-კარსაც მოინახულებს. ნიშანდობლივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი ლონდონში არ ჩავა და არც მაისში დაგეგმილ მეფის აღსაყდრებას დაესწრება. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ლონდონს სამეფოს კუთხე-კუნჭულებში პოლიტიკური მღელვარების დასაცხრობად, ოკეანის მიღმა მყოფი უფროსი ბიძაშვილის დახმარება ჭირდება.  

ხელნაწერები არ იწვი

დღემდე, ალექსანდარ ვუჩიჩის სერბეთი ევროპის ერთადერთ ქვეყანად ითვლებოდა, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეუერთდა, არც კიივისთვის აღმოუჩენია სამხედრო დახმარება და ბოლომდე ცდილობდა ძველ მეგობარ – რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას. თუმცა, აშშ-დან საეჭვოდ გამოჟონილი და ინტერნეტში განთავსებული ფრიად საიდუმლო, სადაზვერვო დოკუმენტები სერბეთსა და უკრაინის თემაზე აბსოლუტურად საპირისპირო ამბავს გვიამბობენ, რაც რუსეთ-სერბეთის მეგობრობას თავდაყირა აყენებს. აშშ-დან გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბელგრადს უარი უთქვამს უკრაინელი სამხედროები გაწვრთნაზე, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემას დაყაბულებულა. დოკუმენტები იმასაც მიანიშნებენ, რომ სერბეთმა შესაძლოა უკვე მიაწოდა საბრძოლო შეიარაღება უკრაინას. დოკუმენტების შეფასებით ნაწილში თურმე ისიცაა ნათქვამი, რომ ბელგრადს აქვს პოლიტიკური ნება და შესაძლებლობა ახლო მომავალში იარაღით მოამარაგოს კიივი. ოფიციალური ბელგრადი არ ჩქარობს ამ ინფორმაციის კომენტირებას. გაღიზიანებულმა მოსკოვმა ევროპაში შერჩენილ მის ძველ და ალბათ ერთადერთ მოკავშირეს ახსნა-განმარტებები მოთხოვა. ვუჩიჩის მხცდელობა არც ბრიუსელური მწვადი დაწვას და არც მოსკოვური შამფური, სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელია და ისე ჩანს, ბელგრადელი ისევ შიშხინა მწვადს ამჯობინებს გამურულ და აწ უკვე გვარიანად წვერმობლაგვებულ შამფურს.  

მსგავსი/Related

Back to top button