ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 8 აპრილი

ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა

გასულ კვირას, დემონსტრაციების ქარცეცხლში გახვეული საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია, სადაც ის კომუნისტური ჩინეთის თავკაცს, სი ძინპინს შეხვდა და რუსეთის თემაზე მის გადარწმუნებას უშედეგოდ შეეცადა. მაკრონმა ჩინეთის მიერ რუსეთის იარაღით შესაძლო მომარაგებაზე ევროპული შფოთვები და წუხილები პეკინში ჩაიტანა ჩაიტანა და ამხანაგ სის გადასცა, ასევე შეახსენა, რომ გავლენიან ჩინეთს შეუძლია უკრაინის კონფლიქტის დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოსო. ჩინეთის ლიდერი იქაური კედელივით მყარი და შეუვალი აღმოჩნდა მაკრონის ევროპული შეგონებების მიმართ. რუსეთ-უკრაინის ომზე სიმ თავის ძველ პოზიციას ფეხი არ მოუცვალა და თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ომში რუსეთის მომარაგებას რაც შეეხება, ეს ჩემი ომი არ არისო – უთქვამს მაკრონის მასპინძლობით დაქანცულ პარტიულ მანდარინს. როგორც ამბობენ, ასევე უშედეგო აღმოჩნდა მაკრონის ძალისხმევა დანით პირი გაეხსნა და ოფიციალური პეკინისთვის სიტყვა დაეცდენინებინა ბელარუსში რუსული ტაქტიკური იარაღის შესაძლო განთავსებაზე. ევროპული ერთობის გასასხივებლად, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს ზურგს უმაგრებდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პეკინში ყოფნაც. რუსეთ-უკრაინის თემაზე, რომ ვერაფერს გახდა, საფრანგეთის რესპუბლიკის თავკაცმა 160 ერთეული Airbus-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩინეთისთვის მიყიდვის 36 მილიარდიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და კვლავ თავის ალმოდებულ საფრანგეთს მიაშურა.

ტომ! პასუხი არ არის…

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაფლულ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სულისკვეთება სულაც არ განელებია და ის ნატო-ს კარზე ხმაურიან კაკუნს კვლავაც განაგრძობს. უკრაინის ამ ჩრდილო-ატლანტიკურ მისწრაფებებს უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უმაგრებენ ზურგს და ალიანსისგან ბუქარესტში დადებული პირობის შესასრულებლად, კიივისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემას ითხოვენ. ბუქარესტში დადებული პირობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსს ვარშავიდანაც შეახსენა და იქვე დაამატა, რომ უკრაინა ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკომპრომისო იქნებაო. უკრაინის ნატო-ში წევრობის თემაზე კომენტარების გაკეთება ბრიუსელში შეკრებილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებსაც მოუწიათ. ამ თემაზე ყველაზე უფრო ვრცლად და გარკვევით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს კლივერლიმ ისაუბრა, რომელმაც უკრაინას და მის ქომაგებს შეუთვალა, რომ ჯერ მთავარია უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში სათანადოდ დავეხმაროთ, უკრაინის სუვერენიტეტი გადავარჩინოთ და ნატო-ში წევრობის საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთო. ბრიტანეთის ამ მიდგომას იზიარებენ ვაშინგტონში და დაახლოებით იგივე აზრზე არიან დასავლეთ ევროპის ზოგიერთ დედაქალაქშიც. ამიტომ, როგორც ჩანს, უკრაინის ნატო-ზე ფიქრები უახლოეს ხანში ფიქრებად დარჩება და ამ თემას ნატო-ელი მოკავშირეები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.  

ხორბლეულის უთანხმოებაზე შეთანხმება

პარასკევს, პოლონეთისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახალი მოსავლის აღების სეზონამდე სრულად შეაჩერონ უკრაინული ხორბლეულის იმპორტი პოლონეთში. საქმე იმაშია, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლეულის და ზოგადად სოფლის მეურნეობის უმსხვილეს ექსპორტიორს – უკრაინას, რუსებმა შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს. არადა, სწორედ შავი ზღვის გავლით, ომამდე, უკრაინა ხორბლეულით მსოფლიოს არცთუ უმნიშვნელო ნაწილს ამარაგებდა. საექსპორტო გზების ჩახერგვით შეწუხებულმა ევროკავშირმა უკრაინის ევროპელი მეზობლები – პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი წაახალისა – იქნებ უკრაინას მისი ხორბლეულის დანარჩენ მსოფლიოში გატანის კეთილ საქმეში დაეხმაროთო. ეს ქვეყნები უკრაინას კი წაეხმარნენ, მის ხორბლეულს საზღვრები გაუხსნეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შედარებით იაფიანი უკრაინული ხორბლეულის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ევროპულ ქვეყნებშივე დაილექა, ამოიყიდა და მთლიანად წალეკა ადგილობრივი ბაზარი, რამაც პოლონელი, რუმინელი თუ ბულგარელი ფერმერები საგრძნობლად აზარალა. ევროპელი ფერმერების განაწყენებას კი, პოლიტიკური უკმაყოფილება და მღელვარება მოჰყვა. ფერმერების პროტესტის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ყოფნისას, გადადგომა მოუწია პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც. მოკლედ, აწი, უკრაინა პოლონეთში მხოლოდ იმ რაოდენობის ხორბლეულს შეიტანს, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გასატანად იქნება განკუთვნილი, დანარჩენ ხორბლეულს კი, დაყოვნება მოუწევს. უკრაინულ იმპორტზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას რუმინელი და ბულგარელი ფერმერებიც მიესალმნენ და საკუთარი მთავრობებისგანაც იგივე შეზღუდვების დაწესება მოითხოვეს.

Memento Mori

გასულ კვირას, 86 წლის იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის სული შეეხუთა და წლეულს უკვე მესამედ, მილანის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამოჰყო თავი. ამჯერად, ექიმებმა მას ლეიკემია დაუდგინეს და ქიმიოთერაპიის დახმარებით, შესაბამისი მკურნალობაც დაუწყეს. იტალიელი ექიმები ამბობენ, რომ ბერლუსკონის შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა საავადმყოფიში დარჩენა მაინც მოუწევსო. სული მოითქვა თუ არა, ბერლუსკონი თანაპარტიელებს საავადმყოფოდან ტელეფონით შეეხმიანა და პოლიტიკური თანამოაზრეები შეაგულიანა – ხომ იცით, უარესი სიტუაციებიდანაც დავმძვრალვარ და აქედანაც დავძვრებიო. ყოფილ პრემიერს გამოჯანმრთელების სურვილები, იტალიის მოქმედმა პრემიერმა, ჯორჯა მელონიმაც შეუთვალა. მელონის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში ბერლუსკონის დაარსებული „წინ იტალიაც“ შედის და კოალიციურ მთავრობაში ვიცე პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძლებს ინარჩუნებს. უკვე მხცოვან და ცალსახად დაუძლურებულ ბერლუსკონის იტალიური პოლიტიკიდან დისტანცირება უჭირს, მაგრამ ასაკი და მძიმე ავადმყოფობა მის ამ გატაცებასაც მხოლოდ ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად გადააქცევს.

მსგავსი/Related

Back to top button