Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 30 მარტი

ვინძორები ბიძაშვილ-მამიდაშვილებში

ძველი ბრიტანეთის შედარებით ახალი მეფე, ჩარლზ მესამე, რომელსაც ტახტზე ასვლა უკვე ასაკში მოუწია, თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით გერმანიას ეწვია. მეფეს თან მისი თანამეცხედრე კამილიც ახლდა. უმონარქო გერმანიას მასპინძლობაში არაფერი შეშლია და სამეფო წყვილს საკადრისად დახვდა. მეფემ თავის გერმანულშიც გაივარჯიშა, რომელიც არც ისე ცუდად იცის – ოჯახური წარსული თავისას შვება – ბიძაშვილებიც მოინახულა და გერმანული ლუდიც მშვენივრად დააგემოვნა. როგორც გეგმავდა, გერმანიაში ვიზიტით ჩარლზმა ევროპასთან მოკავშირეობას სიმბოლურად ბეჭედი დაასვა. აკი, თავიდან საფრანგეთში აპირებდა სტუმრობას, თუმცა საპენსიო რეფორმამ საფრანგეთი პროტესტების ქარცეცხლში გახვია და უინძორებიც აყალმაყალს მოერიდნენ.

საფრანგეთმა ჰოლოდომორი გენოციდად სცნო

საფრანგეთში შიდა შფოთმა უკრაინის საქმეებზე კონსენსუსს ხელი არ შეუშალა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 1930-იან წლების შიმშილი ხელოვნურად იყო გამოწვეული და თავისი მასშტაბებით გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის სხვა მხარეებში შექმნილი მსგავსი მდგომარეობისგან. სულ ახლახანს, ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა შორეულმა ისლანდიამაც. საბჭოთა დანაშაულების სიმძიმის გააზრებას ევროპა ახლაღა იწყებს.

პუტინმა ორბანს აწყენინა

ოფიციალურმა მოსკოვმა ევროკავშირსა და ნატო-ში თავისი ერთადერთი მოკავშირე – უნგრეთი ამითვალწუნა და არამეგობრული ქვეყნების სიაში უკრა თავი. მართალია, რუსეთმა უნგრეთს ამერიკისადმი ურჩობისა და თავკერძობისთვის შეაქო, მაგრამ რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის სანქციებთან შეერთებას ვერ აპატია. ამ სიაში მოხვედრა საპასუხო სანქციებსაც ითვალისწინებს, თუმცა ბუდაპეშტს გამოსწორების შანსი, ჩანს, მაინც ეძლევა. რუსეთის ელჩმა თქვა, რომ უნგრეთთან დიალოგის არხებს კრემლი ღიად ტოვებს. ვნახოთ, მხოლოდ ეწყინა ორბანს, თუ ეტკინა კიდეც.

რუსი მამა შვილისთვის დაისაჯა

ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვოში მამა-შვილი მასკალიოვების თავს დატრიალებულმა უბედურებამ მსოფლიო შეძრა. მეექვსე კლასელმა მაშა მასკალიოვამ ხატვის გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ლოზუნგი დახატა. მასწავლებელმა მაშა მაშინვე დირექტორთან დაასმინა, რეჟიმის ერთგულმა დირექტორმა კი, უფრო ერთგულ გუშაგებს – მილიციელებს უხმო. მაშას მარტოხელა მამა, ალექსეი მოსკალიოვი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჯერ შიდა პატიმრობაში გამოკეტეს, მერე კი ორწლიანი კოლონია მიუსაჯეს, რუსული არმიის შებღალვის ბრალდებით. თავად მაშას კი ბავშვთა თავშესაფარში უკრეს თავი. მასკალიოვმა თავს უშველა და სანამ ციხეში გადაიყვანდნენ, გაუჩინარდა, მაგრამ ბელარუსმა ჩეკისტებმა მინსკში შეიპყრეს და ალბათ რუსეთში გააბრუნებენ, სადაც უკვე მისჯილს გაქცევის გამო წლებსაც წაუმატებენ. აი, ასე გამოიყურება კრემლის ომი რუსეთის შიგნით.

მსგავსი/Related

Back to top button