ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ევროკავშირსა და პარტნიორებს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს 

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) 18 ნოემბერს რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციის „აშკარა უგულებელყოფაზე“ მიუთითებს.

პარტიამ მოუწოდა ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ „პერსონალური სანქციები დააკისრონ ოლიგარქ [ბიძინა] ივანიშვილს იმ როლის გამო, რომელსაც ის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ჩაშლის, ასევე საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექნის თვალსაზრისით თამაშობს“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „აღასრულოს ქართველი ხალხის ნება და ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნოს, 12 რეკომენდაციის შესაბამისად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და საჭირო რეფორმების განხორციელების გზით, ქართველი ხალხისა და მათი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ“.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, რომ „მკაფიოდ განუდგნენ – და დაგმონ – სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია, რომელსაც მმართველი უმრავლესობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ავრცელებს და რომელიც მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებს“.

და ბოლოს, რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობას, რომ „დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა“, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანის, ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების გზით.

ორი ქართული ოპოზიციური პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრების სტატუსით სარგებლობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version