აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვებისა და მოსალოდნელი სანქციების დაანონსებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 მაისს საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა.

იმავე დღეს, ამერიკელმა სენატორებმა სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ, სანქციებს დაუწესებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, საგარეო დახმარებას გადახედავს და ხელახლა შეაფასებს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.

„სამოქალაქო საქართველო“ სახელმწიფო მდივნის განცხადებასა და მოსალოდნელ სანქციებზე ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „აშშ სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის…  გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს“.

ნინო წილოსანი, „ქართული ოცნება“: „მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის  ინტერესების დათმობა ან სანქციები პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“.

შოთა ხაბარელი, „ქართული ოცნება“: „ეს ალბათ, ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება, იმის გამო, რომ საქართველო იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და ამის გამო სანქციებს უწესებენ… ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებიც გვეყოლება. ყველანი ნახავთ, როგორ სწორ გზას ვადგავართ“.  

ირაკლი მეძმარიაშვილი, „ქართული ოცნება“: „დავძლევთ ვეტოს და მერე გიპასუხებთ ყველაფერს რა… რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ, რაც იქნება, ის იქნება. შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს“.

ირმა ზავრადაშვილი, „ქართული ოცნება“: „საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციას როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს… ჯერ დააწესონ სანქციები და მერე ვისაუბროთ“.

ქეთევან ჩარკვიანი, „ქართული ოცნება“: „გამჭვირვალობის კანონით, დემოკრატიას ვუთხრით ძირს თუ სუვერენიტეტს ვამყარებთ, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. შეხსენებისთვის, ყველა კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც მზარდია! საქართველოს და ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ ნებისმიერ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს“.

ოპოზიცია

ნიკა მელია, „ახალი“: „ეს არის მხოლოდ პირველი აქტი ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. რამდენიმე სხვა კიდევ უფრო ძლიერი მხარდამჭერი აქტი იქნება მოგვიანებით“.  

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და ოცნება მიზანმიმართულად  უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე , ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ოპოზიცია „ევროოპტიმისტები“: „მე კიდევ ერთხელ ადამიანურად მინდა ვურჩიო, ნუ ჩაყვებიან შეშლილ ოლიგარქს და მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩააყენებენ საკუთარი ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ეს არის სამუდამო დამღა ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო რეპუტაციისთვის, იმიჯისთვის“.  

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციები, ეს არის იმის დადასტურება, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სანდო პარტნიორად და ის მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეების სწრაფვას დემოკრატიის და ევროატლანტიკური მიზნებისკენ, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით განმტკიცებული სახელმწიფო კურსი. ხოლო მათ, ვინც ღალატობს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას და მტრობს საქართველო-ამერიკის მეგობრობას, პარტნიორობას, მოუწევთ ინდივიდუალურ სანქციებს გაუსწორონ თვალი“.  

ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მას შემდეგ, რაც საქართველო ექცევა იზოლაციაში, ამერიკა აწესებს სანქციებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას… საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია.  ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს, უფსკრულში გადაჩეხვას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს … მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა – ძალა ერთობაშია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version